რა დაუკარგავთ ქალებს და რას დაეძებენ ისინი? (ვუძღვნი ჩვენ ახალგაზრდა ქალებს)


არც ერთი განათლებული ხალხი არ უყურებს ისე ცუდათ ქალს, როგორც ფრანგები. ფრანგების
აზრით, ქალი მხოლოთ კაცის სათამაშოთ, დროს გასატარებლათ და საარშიყოთ არის
გაჩენილი. დღემდი თვით უგანათლებულესი და მოწინავე სწავლულებიც (მაგ. პრუდონი)
ამისთანა აზრის იყვნენ ქალებზე. მაგრამ ახლა, როგორც ყველგან, საფრანგეთშიც ისეთი პირები
აღმოჩნდნენ, რომელთაც სინამდვილისა და არა პირუტყული გრძნობით დაბრმავებული
თვალით დაინახეს ქალების დაცემული მდგომარეობა და სცდილობენ იმათ ფეხზე დაყენებას.
ამას წინათ პარიჟის ქალებმა გახსნეს საკუთარი კლუბი იმ განზრახვით, რომ ქალები,
რომელნიც თავის ცუდ მდგომარეობას გრძნობენ, დაუახლოვდნენ ერთმანეთს და ერთად
იმოქმედონ. პარიჟშივე გამოდის ორი საქალებო გაზეთი, რომელნიც ავრცელებენ
საზოგადოებაში ქალების განათლებისა და იმათი შრომის ჯეროვნათ დასაჩუქრების აზრებს. ამ
ხუთი თუ ექვსი წლის წინეთ 20000 ახალგაზრდა ქალმა შეფიცეს ერთმანეთს, სანამ
აღმორჩევითი უფლება არ მოგვეცემა, მანამ ნურცერთი ჩვენთაგანი ნუ გათხოვდებაო. ეგონათ
ამით ძალა-უნებურათ მიიმხრობდნენ თავისკენ იმ კაცებს, რომელნიც ცოლების შერთვას
აპირებდნენ და ისინი ქალების უფლების მინიჭებაზედ კანონმდებელ კრებაში მეცადინეობას
დაიწყებდნენ. მაგრამ შესცდნენ და კიდეც რომ დაეწყოთ მეცადინეობა, ნაპოლეონის ხელიდან,
აბა, რა სიკეთე და რა უფლება უნდა გამოეტანათ! ამას გარდა შარშან წინ პეტიცია შეიტანეს
ქალებმა კანონმდებელ კრებაში აგრეთვე იმათი უფლების მინიჭებაზე, მაგრამ ისიც უნაყოფოთ
დარჩა.
უკანასკნელ ომიანობის დროს საფრანგეთის ქალებმა თავის თავგანწირული მოქმედებით და
მამაცობით, დაამტკიცეს, რომ ისინი მარტო კაცების სათამაშოთ არ არიან გაჩენილი. რამდენი
მამულის მოყვარეობა, რამდენი გასაკვირველი თავ-დაუზოგავობა, რამდენი გულ-კეთილობა
და ჭკუა გამოიჩინეს ქალებმა ამ უკანასკნელ, საფრანგეთისათვის საუბედურო და საშავდღეო
ბრძოლაში! მოვა დრო, როცა ამგვარი მაგალითებისა და თავისუფალი აზრის
გავრცელებისსაშუალებით, ფრანგი შესცვლის თავის პირუტყვულ შეხედულებას ქალზე და
ადამიანათ ჩარიცხულ ქალს ადამიანურ უფლებას მიანიჭებს…

წყარო: www.gdi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი