რა დაუკარგავთ ქალებს და რას დაეძებენ ისინი? (ვუძღვნი ჩვენ ახალგაზრდა ქალებს)


საფრანგეთზე უკეთ ქალებს გერმანიაში მიყავთ თავიანთი საქმე, როგორც საზოგადოთ კაცების
განათლება, აგრეთვე ქალებისაც, გერმანიაში ამერიკას გარდა სხვა ყველა ქვეყანაზე უკეთ
მიდის. პრუსიაში განსაკუთრებით უთვალავი საქალებო შკოლაა, თუ მართებლობისაგან, და
თუ თვით ქალების ასსოციაციებისაგან გამართული. ამ დაბალ შკოლებში ყველაზე მეტი
ყურადღება სხვადასხვა ხელსაქმეს და ხელოსნობას აქვს მიქცეული. ბერლინში არის ერთი
ლიცეი, სადაც ახალგაზრდა ქალები და ვაჟები ერთათ დაიარებიან ლექციების მოსასმენათ.
ბრესლავის საქალაქო ლიცეიში 110 ქალი დაიარება და, სხვათა შორის, ანატომიას,
ფიზიოლოგიას, ბავშვის მოვლას და სხვა საგნებს სწავლობენ. ლეიპციგის სკოლაში, რომელიც
ქალების ასსოციაციამ გახსნა, ვაჭრობას, მეურნეობას და ოჯახობას ასწავლიან ქალებს.
შარშან წინ, ნოემბერში, მრავალი ქალი და კაცი შეიკრიბა ბერლინში და მოილაპარაკა იმაზე,
თუ რა ღონისძიება უნდა იხმარონ, რომ ქალების ეხლანდელი მდგომარეობა გააუმჯობესონ. ამ
კონგრესზე იყვნენ დეპუტატები (ქალები და კაცები) მრავალი ამგვარი საზოგადოებისა
ამერიკიდან, ინგლისიდან და შვეიცარიიდან. კონგრესის პრეზიდენტათ ამოირჩიეს
პროფესორი გოლცენდორფი, ვიცე პრეზიდენტათ და სეკრეტრათ ქალები იყვნენ. სხვათა
შორის, გამოჩენილმა სწავლულმა ბიუხნერმა კონგრესზე სთქვა: «ახლანდელ საქალებო
სასწავლებლის პროგრამა სრულიად უნდა შეიცვალოს, რადგან ამ სასწავლებლიდგან
გამოსული ქალი სრულიათ ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას; ქალები არც
მასწავლებლებათ ვარგანან და რიგიანათ ვერც თავიანთ შვილებს ზრდიან; ამ
სასწავლებლიდან, – ბიუხნერის სიტყვით, – გამოდიან ისეთი მანდილოსნები, რომელთაც
მხოლოთ სტუმრის მიღება და იმათთან ტიკტიკი შეუძლიათ კარგათო. დიდი ხნის
მოლაპარაკებისა და ბაასის შემდეგ, ბერლინის ქალთა კონგრესმა შემდეგი გადაწყვიტა:
1) ბერლინის ქალთა საზოგადოებას (ასსოციაციას) მუდამ კავშირი და მიწერ-მოწერა უნდა
ექმნეს უცხო ქვეყნების ამგვარსავე ასსოციაციებთან, რადგან ამ საქმეში მხოლოთ ერთად და
ერთნაირად მოქმედება, საზოგადოთ, ქალების ცუდ მდგომარეობას შეამსუბუქებს
2) უნდა დავაარსოთ საკუთარი ორგანო (გაზეთი ან ჟურნალი), რომელშიაც მხოლოთ ქალების
ეკონომიურ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და განათლების საშუალებაზე იქნება სჯა და
3) უნდა გავმართოთ ქალებისათვის უმაღლესი და აგრეთვე სახელოსნო სასწავლებელი.
მას შემდეგ ეს კონგრესი მუდამ წელიწადს იკრიბება და ნელ-ნელა აკეთებს თავის საქმეს.
ამნაირი, მაგრამ უფრო პატარა კონგრესი და ასსოციაცია მარტო ბერლინში კი არა, სხვა
გერმანიის ქვეყნებსა და ქალაქებშიც არის.

წყარო: www.gdi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი