რა დაუკარგავთ ქალებს და რას დაეძებენ ისინი? (ვუძღვნი ჩვენ ახალგაზრდა ქალებს)


რუსეთში ქალებზე ლაპარაკი პირველად 1861 წ. დაიწყეს, როცა მაშინ დიდი გავლენის მქონე

ჟურნალში – «თანამედროვეში*» დაიბეჭდა მ. მიხაილოვის საკუთარი და ნათარგმნი სტატიები

ქალთა მდგომარეობაზე. მაგრამ ყველაზე უფრო მომეტებულათ რუსეთში ქალებზე და სხვა

ბევრ რამეზედაც დაიწყეს ლაპარაკი მაშინ, როდესაც 1863 წელს დაიბეჭდა ამ საქმის შესახებ

რომანი**. მას შემდეგ რუსულ საზოგადოებაში და ლიტერატურაში თითქმის არ

გაწყნარებულა ამ საგნებზე სჯა: ყოველი გაზეთი და ჟურნალი, ყოველი განათლებული და

გაუნათლებელი საზოგადოების წევრი ვალდებულათ რაცხდა თავის თავს, რაიმე დაეწერა, ან

ეთქვა რუსის და უცხო ქვეყნების ქალების მდგომარეობაზე. ზოგიერთი ამ ახალი აზრისა და

საქმისა, რომელსაცრომანისტი ქადაგობდა, აღსრულებაშიაც მოიყვანეს, მაგალითად, დააარსეს

ქალთა სახელოსნოები და სხვა. ამ დროს პეტერბურგის ქალებს უნივერსიტეტში და მედიცინის

აკადემიაში ლექციის მოსმენის უფლება ჰქონდათ. შემდეგ მხოლოთ ერთი ქალი (კაშევაროვა)

დაიარებოდა მედიცინის აკადემიაში და სხვა სტუდენტებთან ერთად ისმენდა ლექციებს.

რუსეთში აგრეთვე ქალებს უფლება აქვთ საქალებო სასწავლებლებში მასწავლებლობისა და

ბუღგალტრათ სამსახურისა.

1867 წ., როდესაც რუსეთის ნატურალისტების კრება იყო პეტერბურგში, იქაურმა ქალებმა

შეიტანეს კრებაზე ქაღალდი, რომელშიაც სთხოვეს პროფესორებს გვიშუამდგომლეთ, რომ ჩვენ

უნივერსიტეტში ბუნებითი საგნების სმენის ნება მოგვეცესო. მაგრამ პროფესორების რჩევამ

გამოუცხადა იმათ, თქვენი თხოვნის ასრულება არ შეგვიძლიაო…

1868 წ. ოთხასზე მეტმა ქალმა შეიტანა ქაღალდი უნივერსიტეტში და ქალებისათვის

ლექციების სმენის ნებას თხოულობდა. ყველა რუსეთის ქალაქიდან მოსდიოდათ მაშინ

პეტერბურგის ქალებს ადრესები, რომელშიაც თანაგრძნობას და მადლობას უცხადებდნენ მათ

ამ საქმეში მეცადინეობისათვის***, მაგრამ სახალხო განათლების სამინისტრომ უპასუხა მათ,

რომ ქალებისათვის სხვა საკუთარი სასწავლებლებია გახსნილიო, სადაც სწავლის მიღება

შეგიძლიათო და ქალების უნივერსიტეტში შესვლა კი ჯერ უდროოთ დაინახა და ამიტომ უარი

უთხრა პეტერბურგის ქალებს.

დაიბეჭდა ჟურნალ «კრებულში», 1871 წ., №4, ს. მესხის ხელმოწერით.

წყარო: www.gdi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი