საქალ-ვაჟო სკოლებზე


აღზრდის დანიშნულება ის არის, რომ ყმაწვილი ცხოვრებისათვის მოამზადოს. ჩვენ იმიტომ
ვზრდით და ვასწავლით ჩვენ შვილებსა, რომ შემდეგ ისინი თავისთავისათვის და
საზოგადოებისათვისაც გამოსადეგნი შეიქნენ. უეჭველია, რომ ყოველ აღმზრდელს და
მასწავლებელს უნდა ჰქონდესთ სახე და ამის დაგვარათ იქცეოდნენ, როცა ისინი
საზოგადოებისათვის მომავალ წევრებს ამზადებენ; მაგრამ საუბედუროთ, ამათ ძალიან
ხშირათ არ ესმით თავის ნამდვილი მოვალეობა: ხანდიხან ისინი ისეთნაირათ ექცევიან
შკოლაში მოწაფეებს და ისეთ საგნებს მიაქცევენ ხოლმე ყურადღებას, რომ ამნაირი მოქცევა
და საგნების სწავლა უმეტეს ნაწილათ ცხოვრებაში არა თუ სრულიად გამოუყენებელი,
მავნებელიც არის; ხან კი ისეთ რამეებს არ ასწავლიან და არ ჩააგონებენ, ურომლისოდ
ახლანდელ ჩვენ ცხოვრებაში ერთი ფეხის გადადგმაც არ შეუძლია კაცს.
უმთავრესი საფუძველი ჩვენი აღზრდისა ის არის, რომ ქალები და ვაჟები ცალ-ცალკე უნდა
იზრდებოდნენო, ქალს სხვანაირი აღზრდა უნდა, ვაჟს სხვანაირიო. ჩვენში ქალს და ვაჟს
თითქმის აკვნიდანვე აშორებენ ერთმანეთს და ერთს სხვანაირათ ექცევიან და ზრდიან,
მეორეს სულ სხვანაირათ. ჩვენებურ აღმზრდელ დედას ვერაფრით ვერ დააჯერებთ, რომ
იმის ქალი და ვაჟი ერთ დროს ერთსა და იმავე საზოგადოებაში იცხოვრებენ, რომელსაც
ერთი და იგივე საჭიროება და მოთხოვნილება აქვს; იმას ვერასოდეს ვერ დააჯერებ, რომ
ხანდისხან ქალისა და კაცის მოქმედების წრე განსხვავებულია, მაგრამ საზოგადოება ქალსაც
და კაცსაც თითქმის ორივეს ერთნაირათ მოსთხოვს თავის საჭიროების დაკმაყოფილებას და
წყლულების მოსპობას. ახლა მითხარით, როგორ უნდა იცხოვრონ და იმოქმედონ
საზოგადოებაში ერთად იმ პირებმა, რომელთაც ერთმანეთის თითქმის არაფერი არ
გაეგებათ?
როგორ უნდა შეიყარონ შემდეგ ერთად ქალი და კაცი, როდესაც ერთს სულ სხვანაირი
აღზრდა და ზნე მიუღია და მეორეს კი, სულ სხვანაირი? განა ამნაირ აღზრდას საფუძველი და
აზრი აქვს? ეს ჭეშმარიტება, რომ ქალისა და ვაჟის ერთმანეთის მოშორება და განსხვავებული
აღზრდა – მავნებელია და არა გამოსადეგი, დიდი ხანია გაიგეს განათლებულ ქვეყნებში და
ამიტომ იქ სულ სხვანაირათ იქცევიან. ძალიან ბევრგან არა თუ პირველ-დასაწყის შკოლებში,
უმაღლეს სასწავლებლებში და უნივერსიტეტშიაც ქალები და ვაჟები ერთად და თითქმის
ერთნაირათ იზრდებიან; მაგრამ ამისგან სიკეთის მეტი ცუდი არაფერი არ შემდგარა.
წინააღმდეგ ამისა ამისთანა საქალ-ვაჟო შკოლების მოსწავლეების მნახველნი ამბობენ,რომ ამ
შკოლებში სწავლა და აღზრდა ბევრათ უკეთ მიდისო, ვინემ იმ შკოლებში, საცა მარტო
ქალები, ან მარტო ვაჟები იმყოფებიანო. იქნება ვინმემ იფიქროს, რომ შეიძლება ზნეობის
შემარყეველი რამ მოხდეს იმისთანა სასწავლებლებში, სადაც ქალები და ვაჟები ერთად
სწავლობენ. ამაზედ ჩვენ აი რას ვიტყვით: საზოგადოთ კაცს და ნამეტურ ახალგაზრდას
ისეთი ხასიათი აქვს, რომ ის ყველაზე უფრო მიელტვის და მიეშურება იმ საგანს, რომელსაც
აშორებენ, ართმევენ და რომლის მიკარება იმას აკრძალული აქვს. თუ ქალ-ვაჟი ბავშობიდამ
ერთად იქნებიან, თუ ქალს პატარაობიდანვე არ ჩააგონებენ, რომ ის სხვა არსებაა და ვაჟი სხვა,
მაშინ, დარწმუნებული იყავით, ისინი ისე მგელსავით არ ეცემიან ერთმანეთს, როცა
შეიყრებიან, როგორც ახლა მოხდება ხოლმე ხშირად და ზნეობის შემარყევი იმათ შორის არა
მოხდება რა. ეს თეორეტიკული მოსაზრებაა; ამასვე გვიმტკიცებს ჩვენ პრაქტიკაც, ფაქტებიც:
არც ერთ იმ უმაღლეს სასწავლებელში, საცა ორივე სქესის ყმაწვილები ერთათ იზრდებიან,
არასოდეს სათაკილო და დასაზრახისი არ მომხდარა რა ქალებსა და ვაჟებს შუა.
მაგრამ ვსთქვათ მოხდა რამ საზრახისი; თუ მოხდა, ისევ უმაღლეს სასწავლებელში მოხდება,
სადაც მოზრდილი ყმაწვილი ქალები და კაცები არიან ერთად; პირველ დასაწყის შკოლებში
ხომ არ შეიძლება ამისთანა რამ მოხდეს. ძნელათ წარმოსადგენია, რომ იმ შკოლაში, სადაც
თორმეტი წლის ზევით არ არიან ორივე სქესის მოწაფეები, იმათ შორის ზნეობის
დამრღვეველი რამ მოხდეს.
ჩვენ გვსურს, რომ ამ აზრებს მიაქციონ ჯეროვანი ყურადღება იმ კერძო პირთა, რომლებიც
სოფლებში შკოლის გამართვას ახერხებენ. ჩვენ სოფლებში ერთი შკოლის გამართვაც მეტისმეტათ გასაჭირია, თორემ ორი შკოლის გამართვას, ცალკე ქალებისათვის და ცალკე
ვაჟებისათვის, როგორ შეიძლებს თავის ხარჯით სოფელი. ამას გარდა აქვე ისიც უნდა
მივიღოთ ყურადღებაში, რომ ჩვენ გლეხ-კაცობაში არასოდეს არ არის ისეთი განსხვავებული
აღზრდა ქალებისა და ვაჟებისა, როგორც უფრო უმაღლეს საზოგადოებაში, ამიტომაც, მგონი,
ურიგო არ იქნეს, რომ იმ სასოფლო შკოლებში, რომელნიც ცოტაცოტათი იხსნებიან ახლა
ზოგიერთ ჩვენ სოფლებში, განსაკუთრებით ვაჟებისათვის, ქალებიც მიიღონ და ამნაირათ
ჩვენი სოფლის შკოლა შერეულ შკოლათ გადაიქცეს, ე.ი. ისეთ შკოლათ, სადაც ქალები და
ვაჟები ერთად იზრდებიან ხოლმე.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», №12, ხელმოუწერლად

წყარო: www.gdi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი