ბიბლიოგრაფია
О существе национальной индивидуальности и об обазовательном значении купных наодных единиц. Тифлис, 1872 г. გაზ. «კავკაზის» დამატება. ხანდისხან ძალიან ძნელი გასაგებია, – ვისთვის, რისთვის და რა აზრით არის რომელიმე თხზულება დაწერილი. როგორ ძნელათ გასაგებია ის გარემოება, რომ ჩვენს დროში ზოგიერთი მდიდარი ახალგაზრდა სამსახურში შედის და მსახურობს, ისე ზოგიერთი მწერლის საქმესა და აზრს ძნელათ მიხვდები ხოლმე. რასაკვირველია, ქაღალდი, რასაც კი დაწერ, ყველაფერს «მოითმენს», ყველაფერს გამოხატავს თავის თეთრ ფონზე, მაგრამ თუ კაცს არავითარი ახალი და საზოგადოებისათვის სასარგებლო არა აქვს-რა თავში გამოსათქმელათ, ამისთანა კაცი რისთვის უნდა აწვალებდეს ტყუილუბრალოთ ქაღალდსა და რისთვის უნდა ხარჯავდეს უნაყოფოთ მელანსა? ვის არ გაუგონია, რომ ზოგიერთი მდიდარი ახალგაზრდა მხოლოთ იმისთვის შედის ჩვენს დროში სამსახურში, რომ თავის საყვარელს მოეწონოს, რომ ბრწყინვალე მუნდირი ჩაიცვას? იქნება ამგვარათვე ზოგიერთი მწერლის კალმის აღმძვრელიც რომელიმე «საყვარელი» იყოს? იქნება ბრწყინვალე მუნდირს წერაშიაც ჰქონდეს რაიმე მნიშვნელობა? ბეჯითად არ ვიცით, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ამ ჩვენს დედა-მიწაზე «ყოველივე შესაძლებელ არს». * * * ამგვარი აზრები აღიძრა ჩემში, როდესაც ის პატარა უცნობი ავტორის ბროშურა წავიკითხე, რომლის სახელი ზევით არის ამოწერილი. მართლა რა აზრით და რისთვის არის ეს ბროშურა დაწერილი? რომელი ახალი და რუსის საზოგადოებისათვის სასარგებლო აზრებია ამაში გამოთქმული? ნუთუ ავტორს მხოლოთ ის უნდოდა ეთქმევინებინა ჩვენთვის, რომ იმის ბროშურაში თითქმის არცერთი რიგიანი და დამტკიცებული ჭეშმარიტება არ არის გამოთქმული? ნუთუ იმას ჰსურდა გაეხსენებინა ჩვენთვის მოხუცი კრილოვის ჭკვიანური არაკი, რომელიც ამბობს, რომ «ხარაზმა პურის ცხობას არ უნდა მოჰკიდოს ხელიო და ხაბაზმა წაღების კერვასაო»? მაგრამ, მოკლეთ მაინც განვიხილოთ რა ჭეშმარიტებაა ამ პატარა წიგნში გამოთქმული და როგორი საბუთებით არის ეს ჭეშმარიტება დამტკიცებული.
წყარო: www.gdi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი