ბიბლიოგრაფია


პატარა ხალხები უნდა «გაუქმდენო», იმათი ენა უნდა მოისპოს და თვითონ იმათ
დიდი ხალხების ენა უნდა შეითვისონო! ღმერთმანი, კაცი იფიქრებს, რომ უცნობ
ავტორს ხალხი და მათი ენა რომლისამე დეპარტამენტის თანამდებობათ მიაჩნია!
თითქო ხალხის ენის გაუქმება ისე ადვილი და შესაძლებელი იყოს, როგორც
რომელისამე თანამდებობისა დეპარტამენტში!
უცნობ ავტორს გარდა, ვის არ ესმის ახლა ის მეცნიერებისაგან დამტკიცებული
ჭეშმარიტება, რომ ყოველი ერის ენა, ჩვეულება, ხასიათი და მთელი ცხოვრება იმ
ბუნებაზედ არის დამოკიდებული, რომელშიაც ეს ხალხი ცხოვრობს? რომ ამ ბუნების
დაგვარათ, როგორც ცალკე კაცს ისე მთელ ხალხსაც უჩნდება განსაკუთრებული ენა,
ხასიათი და სხვა? ვის არ ესმის, რომ ორი ხალხი, რომელთაგან ერთი მთაში
ცხოვრობს და მეორე ვაკე ადგილას, სულ ყველაფრით განსხვავებულნი არიან
ერთმანეთში? ჩვენი ავტორი კი ამ გარემოებას, ამ ბუნების გავლენას ხალხზე
არავითარ ყურადღებას არ აქცევს. იმას ერთი კალმის მოსმით ჰსურს, შესცვალოს
ხალხის ხასიათი, ჩვეულება, ცხოვრება; ჰსურს წაართვას მას მშობლიური ენა,
რომელიც ყველაზე უფრო ძვირფასია კაცისათვის და რომლის წართმევა თითქმის
სიცოცხლის წართმევას უდრის!
იმას ვერ მოუფიქრნია, რომ მშობლიურ ენას მოკლებული ხალხი ისეთ კაცს ჰგავს,
რომელსაც წაართვეს ყველაფერი, რაც ძვირფასათ და სანუგეშოთ მიაჩნდა და
რომელსაც ამის გამო სიცოცხლეში თითქმის არავითარი შესანიშნავი საქმის გაკეთება
არ შეუძლია!
ვინ არ იცის ახლა ყველა ეს? ვის არ მიაჩნია ახლა ამისთანა აზრები გაცვეთილ
ჭეშმარიტებათ!

წყარო: www.gdi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი