ბიბლიოგრაფია


მართალია, კაცობრიობის ისტორიაში ჩვენ ხშირათ ვხედავთ, რომ წვრილი, სუსტი
ხალხები დიდ და ძლიერ ხალხს დაუპყრია და ხანდახან სრულიადაც მოუსპია,
მაგრამ ამ შემთხვევაში ძლიერ ხალხებს განა კაცობრიობის სარგებლობა და არა
საკუთარი თავისა ჰქონიათ მხედველობაში? ამ საქმეში ფიზიკურ ძალასა და ერთის
მხრის მატერიალურ სარგებლობას ჰქონია ადგილი და არა ზნეობითს მხარესა და
კაცობრიობის წარმატების აზრს. რაც უფრო რომელიმე ხალხი მრავალ-რიცხოვანიაო,
ისე ეს ხალხი უფრო განათლებული და წარმატებულიაო! აბსურდი არ არის ეს აზრი?
ჩამოთვალეთ, უფ. ავტორო, ეხლანდელი ევროპისა და აზიის ხალხები და გაიგებთ,
რომ ამ აზრში ჭეშმარიტების ნატამალიც არ არის. შევადაროთ, მაგალითათ: ინდოეთი
და ინგლისი, ჩინეთი და შვეიცარია, იაპონია და ბელგია, ოსმალეთი და იმის პატარა
ქვეშევრდომი ხალხები და სხვა. ამ მაგალითებში დიდი მრავალრიცხოვანი ხალხები
პატარა ხალხებზე უფრო დაწინაურებულნი არიან განა?
იმათი ენა უფრო მდიდარია განა? უეჭველია, რომ მრავალ რიცხვში, შეიძლება, უფრო
მომეტებული სწავლულები და მეცნიერები გამოვიდნენ; მაგრამ დარწმუნებული
იყავით, რომ ერის წარმატება სრულებით რიცხვზედ არ არის დამოკიდებული.
* * *
თქვენ ამბობთ (ფურცელი 41), რომ თუ ორი ხალხი (ერთი დიდი და მეორე პატარა)
სრულებით არ დაემსგავსენ ერთმანეთს, მაშინ იმათი შეერთება და ერთ ხალხათ
გადაქცევა სრულებით შეუძლებელი საქმე არისო, ამათ კავშირს მხოლოთ გარეგანი
მეხანიკური მნიშვნელობა ექნებაო და ნამდვილ კი ეს შეერთებული ხალხები ისევ ორ
ხალხათ დარჩებაო.
ზემოთ ვსთქვით, რომ გარემო ბუნება თავის ბეჭედს ადებს ყოველი ერის ენას,
ხასიათს, ჩვეულებას და საზოგადო ცხოვრებას, აქედამ წარმომდინარეობს სხვა და
სხვა ეროვნება და ამ ბეჭედის აღმოხოცვა შეუძლებელია: მაშ, აგრეთვე შეუძლებელი
უნდა იყოს ერთი ერისაგან მეორესი გადაკეთება. ინგლისელებს, რასაკვირველია, 
შეუძლიათ თავისი საკუთარი სახელმწიფო წყობილება და იქნება რამდენიმე
საუკუნის შემდეგ თავის ენაც დაამყარონ ინდოეთში, მაგრამ ამით თქვენ გგონიათ
ინდოელები და ინგლისელები ერთ ერათ, ერთი სხეულის ნაწილებათ შეიქმნებიან?
ძლიერ შემცდარი ბრძანდებით, თუ ამას ჰფიქრობთ. ძალ-დატანება და ფიზიკური
ძალის ხმარება კაცობრიობის გონიერ მოქმედებას არ შეჰფერის. ძალ-დატანებით
გაკეთებულ საქმეს არასოდეს მკვიდრი საძირკველი და დიდი ხნის სიცოცხლე არა
აქვს: თუ არ ძალ-დატანებით, თუ არ გასაკიცხი საშუალების შემწეობით, ხალხი
არასოდეს არ მიატოვებს თავის განსაკუთრებულ ცხოვრებას და ამგვარათ
დაკარგულის აღდგენას ყოველთვის ეცდება. მაშასადამე, რა მნიშვნელობა აქვს იმ
რჩევას, რომელსაც უფ. ავტორი იძლევა, რომ დიდი ხალხები წვრილების გაუქმებას
უნდა ცდილობდესო? რა მნიშვნელობა აქვს იმ რეცეპტს, რომლითაც იმას ჰსურს ამ
საქმის სისრულეში მოყვანა?
ამ წიგნის თაობაზე სხვა ბევრის თქმაც შეიძლებოდა, შეიძლებოდა ასე
აბსტრაქტულათ არ გველაპარაკნა, მაგრამ ახლა არც დრო და არც გარემოება ამის
ნებას არ გვაძლევს როგორიც აზრებია და საზოგადოთ შინაარსი, ისეთია ენაც ამ
წიგნისა: ორივენი ერთმანეთში შესაზავებელი და ერთმანეთის ღირსნი არიან.
დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1872 წ., №35, ხელმოუწერლად.

წყარო: www.gdi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი