ძლიერი და სუსტი ერი


საუბედუროთ, არც სხვა შემთხვევაში სამაგალითო ამერიკელები ეპყრობიან ინგლისელებზე 
უკეთ იმ ადგილობრივ წითელ კანიან ინდოელებს, რომელნიც იმათგან დაჭერილი მიწების 
მეზობლათ ცხოვრობენ ქვეყნის დასაბამიდამ. ყოველ წელიწადს აუარებელი ხალხი მიდის 
ევროპიდამ ამერიკაში; ერთი მხრით, ამერიკის თავისუფლება, მდიდარი ბუნება და უფრო 
ადვილათ საცხოვრებელი საშუალების მოპოვების იმედით და, მეორე მხრით, ევროპაში 
მართებლობისაგან დევნა და სიღარიბე – აიძულებს ამ ხალხს ასე შორს ქვეყანაში 
გადასახლებას. წელიწადი არ გავა, რომ სხვა და სხვა ევროპის და აზიის სახელმწიფოებიდან 
უკანასკნელი ასი და ორასი ათასი კაცი იქ არ გადასახლდეს, ხან მილიონამდიც. ამდენ 
გადასახლებულებს, რასაკვირველია, სამოსახლო და სახნავ-სათესი ადგილი უნდა; ამერიკის 
მმართველობა იმათ იქ აძლევს ადგილებს, სადაც ინდოელები სახლობენ. ამ მეზობლებს შუა 
მუდამ ჩხუბი და უკმაყოფილება სუფევს. მმართებლობა თავის მოქალაქეებს ეხმარება და 
ამნაირათ შეუბრალებლათ ავიწროებენ, ხოცავენ და სცარცვავენ საწყალ წითელ კანიან 
ინდოელებსა. 
ერთს რუსულ ჟურნალში* დაწვრილებით არის აწერილი იმ ინდოელების შევიწროებული 
მდგომარეობა და ამერიკელების მოქმედება იმათ შესახებ. ამ სტატიიდამ, სხვათა შორის, 
ვტყობილობთ, რომ შარშანწინ მაისში ერთი ინდოელი პატარა ხალხის მეფე, სახელად 
«წითელი ვაშლი», მისულა ვაშინგტონში, აუხსნია პრეზიდენტის გრანტისათვის თავის 
ხალხის შევიწროებული მდგომარეობა და უთხოვნია, რომ ცოტა შემწეობა მოგვეცით, რომ 
ჩვენი ცოლ-შვილი ვარჩინოთო, რადგან რაც მიწები გვქონდა, სულ თქვენ წაგვართვითო; 
უთხოვნია აგრეთვე, თოფის წამალი მოგვეცით, რომ ვინადიროთ, რადგან ჩემი ხალხი 
ნადირობით ირჩენს თავსაო, და განკარგულება მოახდინეთ, რომ ტყუილ-უბრალოდ ნუ 
ხოცავენ თქვენი სალდათები ჩემ ქვეშევრდომებსაო. ამ თხოვნის განხილვა პრეზიდენტმა 
ცალკე კომისიას მიანდო, რომელსაც ივნისში უნდა მოესმინა «წითელი ვაშლის» საჩივარი.  
 

წყარო: www.gdi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი