ძლიერი და სუსტი ერი


ძლიერ შესანიშნავია ის სიტყვა, რომელიც ამ ბარბაროსული ხალხის მეფემ «წითელმა
ვაშლმა» ამ სხდომაზე წარმოსთქვა. მოგვყავს ეს სიტყვა შემოკლებით და მკითხველს ვთხოვ,
ყურადღებით წაიკითხოს. «მე არასოდეს არ მომინდომებია იმ «დიდებული მამის» 
წინააღმდეგობა, რომელიც თეთრ სახლში ცხოვრობს (პრეზიდენტზე ამბობს). იქნება
დიდებული მამა კეთილი კაცი იყოს, მე კი იმას ვერ ვხედავ. ჩვენ წაგვართვეს ჩვენი ადგილმამული და ერთი ნამცეცა მიწა დაგვიტოვეს. თქვენი ხალხი ისე იზრდება, როგორც
ზაფხულის ბალახი და ჩვენი კი ყინულსავით ილევა, როდესაც იმას მზე დააწვება. ჩვენ არ
გვინდა გადავესახლოთ მისურის მდინარის ნაპირს, რადგან იქ, ცუდი ჰავის გამო,
მოხუცებულები და ბავშები ცხვრებივით იხოცებიან. ჩვენ იქვე გვსურს სიკვდილი, სადაც
დავიბადეთ. ჩვენი დედ-მამები გვეუბნებოდნენ, რომ ეს თქვენი საკუთარი ადგილიაო. ახლა
კი მე ღარიბი და შიშველი ვარ. ჩვენ სიმდიდრეს არა გთხოვთ, გთხოვთ მხოლოდ, რომ
თქვენი პირობა შეასრულოთ და უკანონოთ არ შეგვავიწროვოთ. თქვენი ჩინოვნიკები ტყავს
გვაძრობენ და გვძარცვავენ ჩვენა. თქვენგან გამოგზავნილი შემწეობა ნახევარზე მეტი იმათ
მიაქვთ. დიდებულმა მამამ, რაც თავის ქვეყანაში ცუდი და მექრთამე ჩინოვნიკები ჰყვანდა,
სულ ჩვენში გამოგზავნა. ჩვენ გთხოვთ, რომ პატიოსანი კაცები გამოგვიგზავნოთ
უფროსებათ. თოფის წამალი გთხოვეთ, მაგრამ თქვენ არ მოგვეცით; შეგეშინდათ, გგონიათ
ომიანობას ავტეხთ. თქვენ უანგარიშო და ძლიერი ხალხი ხართ და ჩვენ კი ერთი მუჭა – რისი
გეშინიათ?! თქვენი სალდათები წიწილებივით ხოცავენ ჩვენებსა და კაცი არ არის გამკითხავი.
ჩვენ არ გვყავს თქვენსავით მწერლები, რომელთაც შეეძლოთ ჩვენი გულ-მოსაკლავი
მდგომარეობის აწერა...»

წყარო: www.gdi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი