ძლიერი და სუსტი ერი
გრანტმა შემოუთვალა იმას პასუხად, რომ საჭმელ-სასმელსა და ტანისამოსს გამოგიგზავნითო და ვეცდებით სხვა თქვენი თხოვნაც აღვასრულოთ, თუ შესაძლებელი იქნებაო. თოფის წამლის მიცემაზე კი უარი უთხრა. ივნისის 15-ს წითელ-კანიანი ინდოელების დეპუტაცია და მათ შორის იმათი მეფე «წითელი ვაშლი» ნიუ-ორკში მივიდნენ. იქ იმათ აჩვენეს სხვადასხვა ფაბრიკები, ზავოდები, თეატრშიაც წაიყვანეს; მაგრამ ისეთნაირათ გულმოკლულნი იყვნენ, რომ სრულიად არაფერი არ ეხალისებოდათ. სხვათა შორის, იმათ ნახეს ერთი იქაური სასწავლებელი და იქ მოყრილ საზოგადოების წინ «წითელმა ვაშლმა» მეორეთ წარმოსთქვა სიტყვა თავის ხალხის მდგომარეობის შესახებ: «ჩემო საყვარელო მეგობრებო და ძმებო, თქვენთვის თეთრი კანი მოუცია ღმერთსა და ჩვენთვის კი წითელი. თქვენ შინაურ ცხოველებსა სჭამთ და ჩვენ – გარეულს. თქვენ რომ ჩვენში (ამერიკაში) მოხვედით, ჩვენ ძმურათ მიგიღეთ: მოგეცით მიწები და ყველაფერი, რაც საჭირო იყო. მაშინ ჩვენ ბევრი ვიყავით და თქვენ კი ცოტა, ახლა თქვენ ბევრი ხართ და ჩვენ ცოტა. ნუთუ ეს გაძლევთ უფლებას, რომ შეგვავიწროვოთ და ჩვენი ამოწყვეტა მოინდომოთ?! მე მოვედი სიმართლისათვის, მაგრამ თქვენ არ მაღირსეთ... მაშ, ჩვენ გვატყუებდა თქვენი მმართველობა, როდესაც პირობის შეკვრის დროს მშვიდობიანობას და ყოველ სიკეთეს გვპირდებოდა!..»
წყარო: www.gdi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი