ებრაელების შესხებ
ერთს რუსულ გაზეთში ამასწინათ გამოცხადებული იყო, რომ ჩვენს მმართველობას განზრახვა აქვს ისეთი ახალი კანონი გამოსცესო, რომლის ძალითაც ებრაელებს რუსეთის ყველა გუბერნიაში დასახლებისა და ცხოვრების უფლება მიეცემათო. ყველა, ვინც ეხლანდელი ებრაელების მდგომარეობა იცის, ვისაც ესმის, – თუ რა ცუდი შედეგები და ზემოქმედება აქვს თვით ქრისტიანებისათვის იმ შევიწროებას და დევნას, რომელსაც ებრაელები ითმენენ, ვინც ხედავს, რა მოსდევს ჩვენგან ებრაელების თითქმის კაცათ ჩაუთვლელობას, ყველა დაგვეთანხმება, რომ ამგვარი კანონი კეთილ ნაყოფს მოიტანს. ეს ხომ ჭეშმარიტებაა, რომ რაც უფრო რომელიმე კაცი შევიწროებულია, რაც უფრო მოკლებულია ყოველგვარ კანონიერ უფლებას, ისე უფრო ურიგოთ და საზოგადოების მავნებლათ არის იმის ცხოვრება და მოქმედება წარმართული. თუ ებრაელს მოქალაქის უფლება ექნება მინიჭებული, თუ კანონი და ხალხი ისე შეხედავს, როგორც ადამიანს, დარწმუნებული იყავით, რომ დროს განმავლობით, ისიც კანონიერს და კაცურს გზას დაადგება, დაანებებს თავს იმ საძაგელ გზებსა, იმ იდუმალათ ქრისტიანების მოტყუებასა და დაჩაგვრის სურვილსა, რომელიც ახლა მიყენებული შევიწროების შურის საძიებლათ გადაქცევია. საფრანგეთი კარგს მაგალითს წარმოგვიდგენს ამის დასამტკიცებლათ: იქაურ ებრაელებს თითქმის ყველა ის პოლიტიკური, სოციალური და სხვა უფლება აქვსთ კანონით მინიჭებული, რაც ნამდვილ ფრანგებსა, და ამის გამო იქაური ებრაელები ნამდვილი ფრანგებისაგან არც ხასიათით, არც პატიოსნებით და თითქმის არც გარეგანი შეხედულებით არ განირჩევიან. ფრანგის ებრაელს სრულებით არ მოუვა თავში სურვილი, თუ როდესმე შემთხვევა აქვს, შეავიწროვოს, დაჩაგროს ან გაიძვერულათ მოატყუოს რომელიმე ფრანგი, მხოლოთ იმისთვის, რომ ის ფრანგია და ეს ებრაელი. არ მოუვა თავში იმიტომ, რომ თვითონ ის არ არის ფრანგებისაგან შევიწროვებული და დაჩაგრული. ჩვენშიც ასე მოხდება. ჩვენ თუ არა, ჩვენი შვილები და შვილისშვილები მაინც მოესწრებიან იმ დროს, როდესაც ებრაელები ისეთივე თანა-მოქალაქენი და თანა მოძმენი შეიქნებიან ქრისტიანებისა, როგორც ჩვენ ერთმანეთში ვართ. და ეს მოხდება, უეჭველია, მხოლოდ მაშინ, როცა არავინ მოსთხოვს, რომ მაინცა და მაინც თავისი ხალხოსნობა და სარწმუნოება დააგდონ და სხვა რომელიმე მიიღონ, ერთი სიტყვით, როცა იმათაც ყველა ის უფლება მიენიჭებათ, რაც სხვა მოქალაქეებს აქვთ. მაშინ «ურია» საგინებელი სიტყვა აღარ იქნება. დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1875 წ., №9, ინიციალებით ს.მ.
წყარო: www.gdi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი