«დროების» მკითხველები
ძნელია, თითქმის შეუძლებელია, რომ ერთმა გაზეთმა მთელი საზოგადოება, ყველა მკითხველები დააკმაყოფილოს. ყოველ საზოგადოებაში და, მაშასადამე, ჩვენშიაც, იმდენი ხალხია, თვითეულ ნაწილს ისეთი განსხვავებული მოთხოვნილება აქვს, რომ ერთი ლიტერატურული ორგანოსათვის ყველა ამ სხვა და სხვა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება შეუძლებელია. სხვაგან საქმე სულ სხვანაირად არის: საზოგადოების ყოველს ნაწილს თავიანთი გაზეთი, განსაკუთრებული ლიტერატურა აქვთ და ეს გაზეთები, ეს ლიტერატურა ცოტა თუ ბევრად იმათ ტვინის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. ჩვენში კი ჯერ ჯერობით, საუბედუროდ, მხოლოდ ერთი გაზეთია და როგორ გნებავთ, რომ ამ ერთმა გაზეთმა ყველა სურვილი შეასრულოს, ყველას გონებითი მოთხოვნილება და იდეალი დააკმაყოფილოს?.. განათლებულ კაცს სხვანაირი გაზეთი უნდა და გაუნათლებელს სხვანაირი; თავადს სხვა და ვაჭარს კიდე სულ სხვანაირი, მოხუცებულს ერთნაირი, ახალგაზრდას მეორე გვარი. ჩვენ ისეთი მკითხველებიც გვყავს, რომელნიც გაზეთში თითქმის მარტო მოწინავე სტატიებს ჰკითხულობენ; ზოგნი არც მოწინავე სტატიებს, არც კორესპონდენციებს და არც უცხო ქვეყნების განყოფილებას თავის დღეში თვალსაც არ გადაავლებენ; მაგრამ, მოვა თუ არა გაზეთი, ყველაზე პირველათ ნარევს მივარდებიან; სხვები მხოლოდ პოლიტიკას ადევნებენ თვალყურს; ისეთებიც არიან, რომელთაც თავის სპეციალურ საკითხავად გაზეთში «დროების» ფოჩტა გაუხდიათ! ამნაირი მკითხველი-სპეციალისტები ყველანი თავიანთი შეყვარებული განყოფილების გავრცელებასა და გადიდებას თხოულობენ გაზეთში: მოწინავე სტატიების მოყვარე იწერება, რომ ერთობ პატარა სტატიებს სწერთო, ესა და ეს მოწინავე სტატია კარგია და ესა და ეს კი სრულებით არ მომეწონაო; ნარევის თაყვანის-მცემელი თავს იკლავს, თუ რომელსამე ნომერში ნარევი არ არის დაბეჭდილი. ამას წინათ ერთმა ნარევის მკითხველმა კარგა ბლომათ სანარევო ამბები გამოგვიგზავნა, როგორც ეტყობოდა, იმისთვის, რომ რადგან რედაქცია ხან და ხან (უადგილობის გამო) ნარევს ვერ ბეჭდავს, თავის დაწერილი ამბების კითხვით მაინც უნდოდა ესიამოვნებინა თავის თავი. აგრეთვე უცხო ქვეყნების მკითხველები გვწერენ, რომ ეს განყოფილება ჯეროვანათ ვერ მიგვყავს გაზეთშიო, ესა და ეს ამბავი ვერ გავიგეთ და შემდეგ ნომერში მაინც აგვიხსენითო; აგრეთვე ვაჭრები ხომ თავიანთი მაზანდებითა და საიჯარო განცხადებებით მოსვენებას არ გვაძლევენ. კახელები გვემდურიან, რომ თელავზედა და სიღნაღზედ არაფერს იწერებითო, ეს «დროება» იმერლების გაზეთი არისო; თუ ორსა და სამს ნომერში იმერეთიდამ ან იმერეთზე არაფერი არ არის გაზეთში დაბეჭდილი, იმ წამსვე საყვედურს გავიგონებთ, რომ ჩვენ სულ დაგვივიწყესო, «დროება» გაქართლელდაო და სხვა და სხვა. მოდი და დააკმაყოფილეთ ამდენ-ნაირი უანგარიშო მოთხოვნილება ერთი მუჭა მკითხველებისა! ყველა ასე სჯის: «რვა მანეთს იმიტომ ვაძლევთ გაზეთში, რომ რაც მინდადა რაც მესიამოვნება, ის წავიკითხოო». იმას კი აღარ ჰფიქრობს მკითხველი, რომ იქნება იმის სასიამოვნო საკითხავი სხვას არ შეეთვისება, რომ სხვასაც თავის შეყვარებული ნაწილები და აზრები სურს რომ ნახოს მუდამ გაზეთში. მაგრამ ყველაზე უფრო ის უნდა მიიღოთ ყურადღებაში, რომ რედაქციასაც თავისი შეყვარებული განყოფილებანი და აზრები აქვს, რომ რედაქციას უფლება და მოვალეობა აქვს, მხოლოდ ის აზრები გაავრცელოს საზოგადოებაში, მხოლოდ იმ განყოფილებაზე მიაქციოს თავისი მკითხველების განსაკუთრებული ყურადღება, რომელიც იმას აღნიშნულ დროს სასარგებლოთ, მოსწრებულათ და გამოსადეგათ მიაჩნია. როდესაც რედაქცია ნომერს ადგენს, როდესაც ის რომელსამე სტატიას ჰბეჭდავს, მაშინ იმას არც თავადი ჰყავს მხედველობაში და არც აზნაური, არც გლეხი და არც ჩინოვნიკი, არც ვაჭარი და ოჯახის კაცი, – იმას ჰყავს მხედველობაში, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, საშუალო მკითხველი – ქართველი, რომლისთვისაც, იმის აზრით, მოწინავე სტატიებიც გამოსადეგია, ფელეტონიც კარგია, რომელიც ნარევსაც წაიკითხავს და საბაასოსაც, – ჰყავს სახეში ისეთი საშუალო ქართველი, რომლისთვისაც ყოველი ახალი აზრი, ყოველი ახალი ცნობა იმის სამშობლო საქართველოზე და განათლებული ხალხების ცხოვრებაზე საინტერესო და სასარგებლო უნდა იყოს. იქნება ხანდახან რედაქცია ამ თავის მოვალეობას, მკითხველების წინ, ჯეროვნათ ვერ ასრულებდეს, იქნება ისე ვერ მიჰყავდეს ხანდახან საქმე, როგორც თვით იმასა ჰსურს, მაგრამ, როცა ამგვარ რასმე გაივლებთ თავში, გთხოვთ, ისიც გაიხსენოთ, რომ უფრო მომეტებულათ თვითონ საზოგადოება ვერ ასრულებს თავის მოვალეობას რედაქციისა და საზოგადოთ ლიტერატურის წინაშე. გთხოვთ, გაიხსენოთ ახლანდელი ჩვენი ლიტერატურის საშუალება და ღონის-ძიება, გაიხსენოთ აგრეთვე ის გარემოებანი, რომელშიაც ის ამ ჟამათ იმყოფება. მაშინ, უეჭველია, ისეთნი სასტიკნი და მომთხოვნელნი აღარ იქნებით. დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1875 წ., №33, ს. მესხის ხელმოწერით.
წყარო: www.gdi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი