რა მოეთხოვება გაზეთს?


ამ სამი-ოთხი თვის წინად, ლონდონში იყო კრება ერთი საზოგადოებისა, რომლის მიზანი
არის, რომ მწერლებსა და განსაკუთრებით ჟურნალისტებს დაეხმაროს. კრებაზე ბევრი
გამოჩენილი მწერლები, მინისტრები და დეპუტატები დაესწრნენ. როგორც ყოველ კრებას
შეფერის ინგლისში, აქაც რამდენთამე პირთა სიტყვა წარმოსთქვეს; ორატორებმა განმარტეს,
ერთის მხრით, კერძოთ ამ საზოგადოების მოვალეობა და სარგებლობა და, მეორეს მხრით,
პერიოდული ლიტერატურის (გაზეთ-ჟურნალების) მნიშვნელობა.
ამ სიტყვებში განსაკუთრებით ერთი ორატორის სიტყვამ მიიქცია ჩვენი ყურადღება:
ავსტრიის ელჩმა ინგლისში, გრაფ ბეისტმა, სხვათა შორის, შემდეგი წინადადება წარმოსთქვა:
«ტყუილათ კი არ ამბობენ, რომ პერიოდული ლიტერატურა მეექვსე ნაწილი არის დედამიწისაო, ახლანდელს დროში გაზეთი ისეთი ძალაა, რომელსაც ყოველი სახელმწიფო
ვალდებულია მუდამ დაეკითხოს, რომლის აზრი და ქადაგება მუდამ მხედველობაში უნდა
ქონდეს; ერთი სიტყვით, გაზეთი ახლა «სახელმწიფოში სახელმწიფოს» შეადგენს.» ვინც
ცოტათი მაინც იცნობს ევროპისა და ამერიკის განათლებული ქვეყნების დრო-გამოშვებითს
ლიტერატურას, ის, უეჭველია, ადვილად დაეთანხმება გრაფ ბეისტის სიტყვებს. და თუ
მართალია ის, რომ გაზეთი არის გამომთქმელი საზოგადოების აზრებისა და
ლტოლვილებისა, რად უნდა გაგიკვირდეთ, რომ ის ნამდვილ «ძალას შეადგენს», რომ თვით
«მმართველობა უნდა დაეკითხოს» და ყური უგდოს იმას. სხვა არა იყოს რა, ამაში ის უბრალო
გარემოებაც გვარწმუნებს, რომ ევროპაში ყველა მმართებლობა ცდილობს, რაც შეიძლება
მომეტებული მომხრე ყავდეს ლიტერატურაში, ცდილობს, რაც შეიძლება კარგად
მოიხსენიებდნენ გაზეთები ყოველ იმის მოქმედებასა და განკარგულებას. ნეტარ-ხსენებული
ნაპოლეონ მესამე ყოველ წელიწადს რამდენსამე მილიონს ხარჯავდა მხოლოდ სულმდაბალი
გაზეთების მოსასყიდველად, რომელთა მოვალეობა იყო, რომ იმის მმართველობა ექოთ.
მარტო თეორეტიული აზრების გავრცელებასა და სიტყვითს ქადაგებაში კი არა აქვთ
ევროპისა და ამერიკის გაზეთებს მნიშვნელობა. არა, უმთავრესი იმათი მნიშვნელობა თვით
საქმეშია, თვით პრაქტიკულ ცხოვრებაში და მთელი ხალხის ბედზე გავლენის ქონვაში.
გაზეთებისა და ლიტერატურის საშუალებით იქ თითქმის ყოველგვარი პრაქტიკული საქმე
რიგდება.
იმათი გამოწვევა და თანაგრძნობა საკმაოა, რომ მთელი კამპანიები შესდგეს და რომელსამე
საქმეს მიჰყონ ხელი. იმათი განკიცხვა საკმაოა, რომ კერძო პირმა ანუ დაწესებულებამ ხელი
აიღოს იმ საქმისაგან ან განზრახვისაგან, რომელიც, გაზეთების ჰაზრით, საზოგადოებისათვის
მავნებელია.
აბა, თუ იქ რომელიმე მმართველობა გაბედავს ისეთი რომელიმე სახელმწიფო ცვლილების
მოხდენას ანუ უბრალო კანონის გამოცემას, რომლის წინააღმდეგი გაზეთები არიან,
რომელსაც ყველა გაზეთები აძაგებენ და ჰკიცხავენ? თითქმის ყოველი კეთილი საქმე,
ყოველი რეფორმა მმართებლობისა, წარმატება საზოგადო ცხოვრებაში, თავისუფლების
გზაზე წინ-წასვლა და სხვა ყველაფერი, გაზეთებისა და ლიტერატურის შემწეობით, რჩევითა
და ხან მოთხოვნილებით იწყება და სისრულეში მოდის ხოლმე.
აი, ამისთანა ძალა აქვს ნაბეჭდ სიტყვას! და ეს ძალა იმიტომა აქვს სიტყვას, რომ ის არის
საქმის წინამორბედი: ჯერ ითქმება რამე, გავრცელდება ხალხში და მერე საქმითაც
შესრულდება. პირველად სიტყვა იყო ქრისტესი – და მერე ეს სიტყვა განხორციელდა:
დაფუძნდა დედა-მიწაზე იმის სწავლა.
ჯერ სიტყვით ქადაგობენ მწერალნი საფრანგეთის დიდ პრინციპებს; მერე სიტყვა საქმეთ
გადაიქცა და ახლაც იქცევა. პირველად სიტყვით ამბობდენ, რომ ყველა კაცები – ძმები და
თანასწორნი ვართო; მერე საქმეთ იქცა: ბატონ-ყმობა ჩვენშიაც კი მოისპო, და ახლა
დედამიწაზე უფრო თანასწორობა ფუძნდება.
ჯერ სიტყვით ამბობდენ და ამტკიცებდენ, რომ ქალიც ადამიანი არისო, რომ იმასაც ყველა ის
უფლება უნდა ჰქონდეს მინიჭებული, რაც კაცებსა აქვსო; ახლა ეს სწავლა ზოგან შესრულდა
და ზოგან მომავალში შესრულდება. აი, ამიტომ აქვს სიტყვას ასეთი საშინელი ძალა; აი,
ამიტომ აქვს გაზეთებსა და ლიტერატურას ასეთი მნიშვნელობა განათლებულს ქვეყნებში! რა
მოეთხოვება ჩვენს, ქართულს გაზეთსა და საზოგადოთ დრო-გამოშვებითს ლიტერატურას?
ეს ისეთი კითხვაა, რომელზედაც გულ-წრფელი და ჭეშმარიტი პასუხის მიცემა ახლა ცოტა არ
იყოს გაგვიჭირდება.
ამას კი ვიტყვით მხოლოდ, რომ ამ ჟამათ ჩვენს პერიოდულ ლიტერატურას ყველა ის არ
მოეთხოვება, რაც მოეთხოვება სხვა ქვეყნების პერიოდულ ლიტერატურასა. ეს ცხადია
ყველასათვის, ვინც ჩვენსა და იმათ მდგომარეობას და სხვადასხვა გარემოებებს შეადარებს
ერთმანეთში. მაგრამ ისეთი პირები არიან ჩვენში, რომელნიც ამ მდგომარეობასა და
გარემოებებს თითქო სრულიათ არ აქცევენ ყურადღებას და, ყოვლის მიუხედავათ,
ესაყვედურებიან ჩვენს პერიოდულ ლიტერატურას, რომ იმის ვალდებულება ესა და ეს იყო
და არისო და სანახევროთაც ვერ შეასრულა და ვერ ასრულებსო. «კრებულს», როგორც
ჟურნალს, ესა და ეს უნდა მოეხდინაო, ესა და ეს უნდა გაეკეთებინა, ესა და ეს აზრები უნდა
დაემკვიდრებინა საზოგადოებაშიო.
«დროება» მოვალე იყო, ამა და ამ საგნებზე მოელაპარაკნა, ამა და ამ კითხვაში ასე უნდა
მოქცეულიყოო, ამა და ამ დროს ასე უნდა სჯიდეს, ასე უნდა იქცეოდესო! პროგრამის დაწერა,
დარიგება და ცარიელი სიტყვით თქმა – ძალიან ადვილია... ძალიან ადვილია ვისიმე
გამტყუნება და განკიცხვა – რატომ ასე მოიქცა და არა ისეო; მაგრამ ერთი თქვენც სცადეთ,
ჩადექით იმ კანში, რომელშიაც პერიოდულ ლიტერატურის მოთავენი არიან, და მაშინ
ვნახავთ, – აბა, რას იტყვით; მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ: რამდენათაც
შესაძლებელი და ადვილია თქვენი თეორეტიული პროგრამითა და რჩევით მოქმედება და
საქმის წაყვანა.
როცა ამ საგანზე დავიწყებთ სჯას, არასოდეს არ გვავიწყდება, რომ ჯერჯერობით ჩვენს
პერიოდულ ლიტერატურას და საზოგადოთ მთელ მწიგნობრობას თითქმის სრულიათ არ
მიუწევია პირდა-პირ ნამდვილ ხალხამდინ; ხალხმა, ქართველმა სოფლის გლეხმა ჯერ
კითხვაც არ იცის; ის არ იცნობს ჩვენს ლიტერატურას; ისეთს მდგომარეობაშია ჩავარდნილი,
რომ იმას არც ეწიგნება და არც ეგაზეთება.
ყველაფერი, რაც დღემდი ქართულს ენაზედ გამოსულა და გამოდის, იბეჭდება იმ ერთი მუჭა
თავად-აზნაურობისათვის, რომელიც ჩვენს მკითხველს საზოგადოებას შეადგენს.
თუმცა, «ცისკარს» გარდა, ვერც ერთ ქართულს ჟურნალსა და გაზეთს ვერ შესწამებენ, რომ ამ
მიზეზის გამო, ჟურნალ-გაზეთებს ოდესმე ჩვენი თავადაზნაურობისათვის საკმეველი
ეკმიოსთ; მაგრამ უეჭველია, რომ ამ გარემოებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული
ლიტერატურის მიმართულებაზე. როგორც ეს თავად-აზნაურობა, ეს ესრეთ-წოდებული
მოწინავე ნაწილი საზოგადოებისა, აგრეთვე მთელი ქართველობა ამჟამათ ისეთს
მდგომარეობაშია, რომ თითქო იმას ავიწყდება ყოველივე მშობლიური: ავიწყდება სამშობლო
ისტორია, ძველი ქართველების მხნე და ხან-და-ხან დიდებული ცხოვრებაც, ავიწყდება
სამშობლო ენა, ყოველივე ნაციონალური თვისება და ხასიათები; ავიწყდება და თითქო გულხელ დაკრეფილი ღვთის განგებას და თავის ბედის წერას მიენდო; უძნელდება აწმყო
ცხოვრება, ეზარება წარმოდგენა მომავალი ბედისა და ცხოვრებისა.
ისტორიულ ცხოვრებას თითქმის სრულიათ განცალკევებულ ხალხათ გაუხდია ქართველი
ხალხი; რუსეთის გარდა, არც ერთის განათლებულის ხალხის წარმატებასა, წინამსვლელობას
არა ჰხედავს, რომ იმათ მაგალითს მიბაძოს, რომ იმათი მაგალითებითა და შეძინებით
ისარგებლოს. თითქოს მიძინებას, ჩინეთსავით ერთ წერტილზე გაყინვას აპირებსო. ამისთანა
დროში, ამისთანა გარემოებაში ქართულს ლიტერატურას (ჟურნალისტიკას–რედ.) ერთი
მოვალეობა აქვს: თვალი გამოაჭყეტინოს ხალხს; წარსული ისტორიული ცხოვრების
მოგონებითა და განათლებული ხალხების გაცნობით გამოაღვიძოს, გააგებინოს, რომ ერთს
წერტილზე გაჩერება დამღუპველია ხალხისათვის, რომ ვისაც სიცოცხლე, კაცური სიცოცხლე
სურს ამ დედა-მიწაზე, ის ყველაზე პირველათ ხელს უნდა ანძრევდეს, თავის თავს უნდა
იცნობდეს, თავის სამშობლო ენას არ უნდა ივიწყებდეს.
ყველაზე უფრო საშიში ის არის, როცა ხალხი თავის ქვეყნის საქმეებს და სამშობლო ენას
გულ-გრილათ დაუწყებს ცქერას. და ეს ბედი მოელის ქართველ ხალხს...
თუ ამ დროის ქართულმა ლიტერატურამ (ჟურნალისტიკამ–რედ.) იმდენი ძალა და
გამჭრიახობა გამოიჩინა, რომ ამ გზას ააცილა ქართველობა, თუ ცოტათი მაინც შეაყვარა
ქართველს ენა, ქართველების სამშობლო და რამდენიმე ისეთი აზრი დასთესა
საზოგადოებაში, რომელიც ქართველს თვალებს გამოაჭყეტინებს და წარმატებასა და
უკეთესი მომავლის სურვილს აღუძრავს, – ამის მეტს, ახლანდელ მდგომარეობაში, ქართულ
ლიტერატურას (ჟურნალისტიკას–რედ.) ნურას მოსთხოვთ: ესეც დიდი დამსახურება იქნება.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1875 წ., №95-96, ს. მესხის ხელმოწერით.

წყარო: www.gdi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი