“ვ.(ერიკო) ა.(ნჯაფარიძეს)”


თქვენ სიყვარულზე მითხარით „არა“
და მომიხურეთ გულის კარები,
მაგრამ მე მაინც ტკბილ არმაღანად
მოგართვით ლურჯი მინანქანები.

ერთის ქალისა იყვნენ ისინი,
ძვირფას ქათიბზე მათ ატარებდა,
მას ბევრი ჰქონდა ზურმუხტ-ლალები,
მაგრამ მინანქრებს არ ადარებდა.

როდესაც იყო ჩვიდმეტის წლისა
ის შეუყვარდა ჭაბუკსა ერთსა
და მის ლოდინში თავის მხევალთან
ის თამაშობდა ლუწს და კენტსა.

ესე ამბავი ძველის ძველისა
მაშინ სხვა გვარი ქროდენ ქარები,
ქარი არხევდა ალბად ქათიბსა
და ჟღარუნობდნენ მინანქარები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი