ვ.ფ.


თქვენ ჯერ იყავით მაშინ პატარა,
მე კი ნაკაზმი წელთა შავი ყდით,
მერე მე ბედმა სხვა გზით მატარა
და მერე სულაც გადამავიწყდით.

ჩვენ ისე შევხვდით უცხო არეზედ,
თქვენ უკვე დიდი, მე სხვა ჰაოთი,
თქვენ მოწყენილი მშობელ მხარეზედ
მე კი იქიდგან ახლად ნაოტი.

მე უსწორ ბრძოლის სისხლიან ველზედ
ერთად დამსცვივდა ვით ქარს ძახველი,
პოეტის ქნარი მიბმული ყელზედ
და მეომარის ბასრი მახვილი.

თქვენ კი იმედი გამკობთ აღმგზნობი
და მხიბლავს თქვენი ხვედრი სვიანი,
სახელიც ჩემთვის ასე ნაცნობი,
ასაკიც, ჩემთვის ასე გვიანი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი