დუმილი არ ნიშნავს თანხმობას


დუმილი არ ნიშნავს თანხმობას,
დუმილი სინანულს ამძაფრებს,
მეც ისევ დავიწყებ წერას და
მერე გადავყრი ქაღალდებს.

კოცნა არ ნიშნავს სიყვარულს,
არც ღვინო ნიშნავს სიმთვრალეს,
მზეც კი არ ნიშნავს შუადღეს
არც დაფიცება სიმართლეს.

ცრემლი არ ნიშნავს სისუსტეს,
ცრემლი სიყვარულს უხდება,
და სწორედ ცრემლის წყალობით
კაცს გულში დარდი უქრება.

წვიმა არ ნიშნავს ოქტომბერს,
და არც ღრუბელი მარტის თვეს,
თოვლიც არ ნიშნავს იანვარს
და არც აპრილი ნარცისებს.

ფული არ ნიშნავს სიმდიდრეს,
ანდა თუ გნებავთ პირიქით,
არც ლექსი ნიშნავს პოეტს და
რავიცი, კიდევ ვინ იცის....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი