მინდა პოეზიის ქუჩა


ღამეს ბოლო აღარ უჩანს,
დილა ნერვებივით ვჭამე,
მინდა პოეზიის ქუჩა
ან და უკეთესი რამე...

წვიმა ობოლივით მნათლავს,
ვხედავ წყვილებიან სკამებს,
მინდა სიყვარული მართლა,
მერე არ დავითვლი წამებს.

მთვარე სხვა მრუშებთან წვება,
მოკვდა გულის ყველა კუნთი,
მინდა სიმშვიდე და შვება,
იყოს თუნდაც ხუთი წუთი.

ყურებს შევაჩვიეთ ბოდვა,
ისევ უმანკოებს ჭამენ,
ისევ უამრავი ცოდვა,
ღმერთო დაგვიფარე - ამენ!

ვეღარ გეწირებით მსხვერპლად,
მაგრამ არც ვიქნები მგელი,
ზოგჯერ ემსგავსება წკეპლას
ძველი მეგობრობის ხელი.

ბედი ისტორიას ქმნიდა,
მე კი კვლავ დამედო მტვერი,
ზოგჯერ ძველებურად მინდა
ისევ რომ მოვუშვა წვერი.

ტალღებს ვუმკლავდები ნავით,
მინდა გამიხარდეს ცამდე,
აღარ დამეკარგოს თავი,
შორს არ გავიტაცო სადმე.

ყველგან ჩრდილივით რომ მსდევდა,
ისევ უფერული ფერი,
უნდა გადავაგდო სევდა,
როგორც სიგარეტის ღერი.

ისევ წავიმღერებ სოლოს,
ლექსში ჩემი სული ჩავდე,
ეგო ვერ მოვკალი ბოლოს,
თუმცა არა ერთხელ ვცადე.

რწმენა უსაშველოდ თუ გვყოფს,
როგორც ალუდას და მუცალს,
მე ვერ მივენდობი უცხოს,
თავი უნდა ვანდო უფალს.

ღამეს ბოლო აღარ უჩანს,
დილა ნერვებივით ვჭამე,
მინდა პოეზიის ქუჩა
ან და უკეთესი რამე...

შმაგი წიკლაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი