ოცნებების ფერია - ნარინჯისფერი
მიყვარს პროზაც უსაზღვროდ, მაგრამ ლექსი ჩემია, რითმები რომ მოდიან უკან ვეღარ გავდენი, ღმერთმა იცის რომ წერა მე არ ამირჩევია, ღმერთმა იცის ფიქრები, მეძალება რამდენი. ცხოვრებაა სპექტაკლი, ჟანრი უფრო სატირა, ფიქრები კი თავისით სიმარტოვეს მანდომებს, იგივეა რატომღაც გადაწყვიტო მარტივად, არჩევანი რთულია, ხვანჭკარა თუ შარდონე. გარეთ ვუშვებ გულიდან, გამომწყვდეულ ტკივილებს, ცაში ისევ დილაა, ჩემს სულშია საღამო, რთული ვარ და ვინც ასეთს, უანგაროდ მიმიღებს, ვისურვებ რომ ცხოვრება მასთან შემოვაღამო. ვერ ვიპოვე მიწაზე ვერაფერი საჩემო, ვარსკვლავების ყურებით დამეღალა კისერი, ტკივილების ფერია, ყველაფერი გარშემო, ოცნებების ფერია უფრო... ნარინჯისფერი. ადვილია სათქმელად - სიმარტოვეს ვდარაჯობ, ფიქრები რომ მოდიან, თავში აღარ ვიჩერებ, ზოგჯერ კარგად ყოფნასაც ისე კარგად ვთამაშობ, ღიმილების სიწრფელეს, მე თავადვე ვიჯერებ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი