ვუყვარვარ - არ ვუყვარვარ


სევდა და სევდიანი ღიმილები,
ზაფხულის უჩვეულო სურათია,
უგულოდ გავაფუჭე გვირილები,
ვუყვარვარ - არ ვუყვარვარ, სულ ერთია...

ფიქრებში ჩაძირული როიალი,
საათი აღარც მახსოვს რომელია,
ქუჩები მარტოდ მარტომ მოვიარე,
ძილი კი თავად ღამეს მოერია.

და ისევ ქარებია საზიზღარი,
მთვარე კი ამ ფიქრების მოზიარე,
ჩემს ბოლო წუთებში თუ მომისწარი,
მაგ შენი სიყვარულით მომიარე.

გატყუებ, გადავაგდე კალმისტარი,
რითმებში გადავვარდი... ხო ესეა,
მე დავრჩი პოეზიის პატიმარი,
და დამრჩა წვიმიანი პოეზია.

სევდა და სევდიანი ღიმილები,
ზაფხულის უფერული სურათია,
უგულოდ გავაფუჭე გვირილები,
ვუყვარვარ - არ ვუყვარვარ, სულ ერთია...

შმაგი წიკლაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი