ვერავინ მახარებს შენსავით მარტივად


ზამთარი, ქუჩაში ვიჯერებ - არ ცივა,
ღიმილზე აცრილი, მივდივარ ვერსაით,
ვერავინ მახარებს შენსავით მარტივად,
ვერავინ მაყენებს ტკივილებს შენსავით.

ყველაფრით დაღლილი ვიაზრებ იმას რომ,
ჩაიწვა ბავშვობის ფერადი ფითილი,
არავინ იქცევა ჩემსავით უაზროდ,
არავის ვექცევი შენსავით სიფრთხილით.

პოეტებს ვიხსენებ მე როგორც წარმართებს,
ლექსების ძახილი ვერ მართობს ფორტეში,
გარეთ ვარ ღიმილით უბრალო ანდანტე,
შენს გულში კი უფრო დაღლილი კორტესი.

ისევ ვიმეორებ, არ მტკივა, არ მტკივა,
ვარ როგორც მდუმარე, პარიზის ვერსალი,
ვერავინ მახარებს შენსავით მარტივად,
ვერავინ მაყენებს ტკივილებს შენსავით.

შმაგი წიკლაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი