ღიმილის ფასადი


შიგნიდან დემონებს დავნებდი,
გარედან ღიმილის ფასადით,
ისევ ვერ ვიძინებ, დავბერდი,
ერთხელაც დავითვლი ასამდე. 

მინდა, რომ ოდესმე წინ წასვლით
ბოლომდე წავიდე არსაით,
გაფრენას თავადაც ვისწავლი
როგორ არ დავეცე მასწავლეთ. 

ავაგე გრძნობების კატორღა,
თუ გინდა უწოდე კასკადი,
ეს მონატრება კი რატომღაც
უბეში გველივით გავზარდე. 

ეს ჩემი ლექსები სამიწე,
ახლა ვარ უბრალო თავსართი.
ოდესმე შენც ვეღარ გამიძლებ,
ერთხელაც მაკოცე წასვლამდე. 

ტკივილი დაცურავს ვენებში
ზოგჯერ რომ ლურჯი ვარ ცასავით,
ერთბაშად ყველანი შემეშვით,
და ყოფნა არ ყოფნა მაცადეთ. 

შმაგი წიკლაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი