როგორც ვენერა და ბოტიჩელი


როგორც ვენერა და ბოტიჩელი
ვიცი სიკვდილიც კი ვერ დაგვკარგავს,
ნუ წახვალ, ცოტა მეც გამიძელი,
იმ ხასიათით სხვებს რომ არა გავს. 

აღარ ვალაგებ უკვე ჩემოდანს,
ქუჩაში ისევ ჩემ გზას ვიკვალავ,
გზაში ათობით ლოთი შემომხვდა,
მაგრამ არც ერთი პაპა ნიკალა. 

მზე ამოვიდა შენი თეძოდან,
თითქოს დღე იყო შესანიშნავი,
კვირკველია რომ სიკვდილს ებრძოდა,
თავს ვეკითხები - შენ სად იყავი? 

ისევ კაკუნი ნერვების კარზე,
რომ სუიციდი გადმოვიბირო,
ვარ დაკარგული სიცოცხლის ზღვარზე
და კარგად ყოფნის საპირისპიროდ. 

ეს ასე იყო და ასე მოხდა,
არც ბინდი იყო, არც ალიონი,
გზაში რამდენი ლოთი შემომხვდა,
მაგრამ არცერთი გალაკტიონი. 

შმაგი წიკლაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი