ქარმა წაიღო სულის კარავი


ქარმა წაიღო სულის კარავი,
ახლა გამოჩნდა სულ სხვა ხედები,
და ვეღარავის სულ ვეღარავის
ვერ ვეუბნები "მეიმედები" 

სევდა ფიფქებად იყრება ციდან,
ზოგჯერ უაზროდ ხალხში ვჩერდები,
და ძველებურად გაქცევა მინდა
ძველი ჯინსით და თეთრი კედებით. 

საკუთარ მესთან ისე ახლოს ხარ,
სხვას ვეღარაფერს ვერ აკვირდები,
რა იცი იქნებ მასაც ახსოვხარ
რა იცი იქნებ მასაც სჭირდები. 

მე ჩემი თავის აღსასრული ვარ,
ვერ შევეჩვიე მზიან ამინდებს,
იცი ხანდახან ისე რთული ვარ,
თავად უფალიც რომ ვერ გამიგებს. 

თუ საჭიროა ხმასაც ავუწევ,
და თუ კი კითხვა გაძლებაშია,
ალბათ ამაზე მეტსაც გავუძლებ,
ნუ მეკითხები საქმე რაშია. 

ცუდსაც არავინ აღარ მისურვებს,
ზოგჯერ სიჩუმეც ხმამაღალია,
ალბათ ერთხელაც გული მიმტყუნებს,
რომ არ გამისკდეს ცოტა მაკლია. 

თვალებზე სევდა ამოვიქარგე,
გადავიღალე ისე ძალიან,
მსაყვედურობენ რომ დავიკარგე,
და არავისთვის აღარ მცალია.

შმაგი წიკლაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი