მიყვარხარ რავი...
ზოგჯერ ტკივილი მაიძულებს რომ დავაშავო, და შრიალებენ ფეხებს ქვემოთ ფოთლები ვერხვის, რა უმწეო და უსუსური ყოფილხარ თავო, როცა ამდენი უნდა გეთქვა და შენ კი ვერ თქვი. და შემემთხვევა შენზე ფიქრი, როგორც კაზუსი, იმ წერილისგან გავაკეთე ქაღალდის ნავი, შემეკითხები მჭირდები თუ არა (აზუსტებ) ჩემი პასუხი ასეთია - მიყვარხარ რავი... ხშირად ვშეშდები, მეც ვერ ვიგებ ზოგჯერ რას ვუცდი, ერთ დღესაც ვეღარ გამიხსენებ, იქნება გვიან, თან მეღიმება, დავიღალე, უფრო დავსუსტდი, ჩემს არსებობას ახლა უკვე სატირა ქვია. გთხოვ ნუ ხმაურობ ჩემო თავო, ხელი მეშლება, ვიცი ეს წლები ჩემნაირებს უკვალოდ შლიან, როცა მოვკვდები, არც ღმერთამდე არ მიმესვლება, მეც ცოდვილი ვარ, ცოდვილებიც ღიმილებს მგვრიან. ღამის შეშლილი, დასაკვნეტად დავეძებ ვენებს, მოგონებები კადრებივით ერთმანეთს ცვლიან, ვერ მოგატყუებ, ახლა მხოლოდ სიმშვიდეს ვეძებ, ეს სეზონებიც აღარ გადის, და ისე მღლიან... ვბერდები, თმაში ჭაღარაა, წვერი სახეზე, აქ რა იცვლება, მეზობლები ერთმანეთს თვლიან, წავალ და ვეღარ მიხილავენ დღის სინათლეზე, შენც ვერასოდეს ვეღარ მნახავ საღსა და მთლიანს. შმაგი წიკლაური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი