ისე უსაშველოდ დაღლილი ვარ


ისე უსაშველოდ დაღლილი ვარ
უკვე აღარ მჯერა არავისი,
ყველა ეპოქაზე შეშლილი ვარ,
ყველა დასასრულის დასაწყისი.

მალე გაციებულს გამიტანენ,
მსურდა სხვანაირად ყოფილიყო,
ვიხსნი არტერიებს ბლაგვი დანით
თითქოს დასაკლავი ყოჩი ვიყო.

ჩემი კანის ფერი უფერული,
როგორც ჩამომჭკნარი ტიტებია,
თავად ცხოვრებაა უხერხული
როცა ქვის სროლაზე რიგებია.

ისევ აღარ მჯერა ამინდების,
თოკზე სველი სევდა გადავკიდე,
აღარც ხალისი მაქვს გაღიმების
ცუდი სამსახურის გადამკიდე.

ცუდებს კარგებისგან ვეღარ ვარჩევ,
ჩემგან სულ რაღაცას მოელიან,
ვიცი სპონტანურად ამოვარჩევ,
ბოლო გაჩერება რომელია.

მხოლოდ ლექსის წერას ნუ მასწავლით,
ბევრჯერ გადავყარე ნაწერები,
წერა ავიჩემე უაზროდ და
ვეღარც წლების მერე გავჩერდები.

ახლა არ ვიცი რა მემართება,
წერა დავიწყე და ვეღარ ვრჩები,
ღმერთმა იცოდეს რომ მენატრება,
დედის მგლოვიარე დედაჩემი.

ისე უსაშველოდ დაღლილი ვარ
უკვე აღარ მჯერა არავისი,
ყველა ეპოქაზე შეშლილი ვარ,
ყველა დასასრულის დასაწყისი.

შმაგი წიკლაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი