როცა არავის შენი არ ესმის


გარეთ ყინვაა და უარესი
ის, რომ საკუთარ თავთან ვსაუბრობ,
როცა არავის შენი არ ესმის,
და შენ კი ყველას უნდა გაუგო.

და ეს დღე-ღამეც იქნებ გასწორდეს,
უძილობა მჭირს ისევ წყეული,
ყველა რატომღაც უნდა გახსოვდეს,
მაგრამ შენ რჩები დავიწყებული.

მინდა სულ ყველა მდიდარ მათხოვარს,
მოვუჯახუნო მთავარი კარი,
თუ საჭირო ხარ ყველას ახსოვხარ,
თუ შენ გჭირდება არავინ არის.

დრო დაივიწყე, თავისით გავა,
თვალებში მაინც არავინ გიმზერს,
უნდა უსმინო სულ ყველას თავად,
მაგრამ შენ მაინც არავინ გისმენს.

ისევ არასდროს არ ვითხოვ შველას,
თივის ზვინშიც რომ დავკარგო ნემსი,
რადგან მე უნდა გავუგო ყველას,
და ჩემი მაინც არავის ესმის.

შმაგი წიკლაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი