ციცინათელები


როცა დეპრესია მიზნად დამისახავს,
კალამს ეკისრება რთული ნაწერები.
ბავშვობის შემდეგ რომ არსად დამინახავს,
ღამით მოსეირნე ციცინათელები,

აი ასეთია ჩემი ნოსტალგია.
თითქოს მარტოსულად მე არ დავიბადე,
ჩემი ტკივილები მძიმე მორალია,
მინდა უბრალოდ რომ ყველა დამიამდეს.

არა, დამიჯერეთ ზოგჯერ ვაზვიადებ,
მწარე გაღიმება სარკეს შევამჩნიე,
ყველაზე ბოლოს კი თვითონ გავიაზრე
ზურგი ამ სამყაროს თავად შევაქციე.

ისევ მახსენდება მინდვრად გაფენილი,
ლურჯად მომღიმარი წვიმა და იები,
ხელის გულებიდან სადღაც გაფრენილი,
სიყვარულისფერი ჭიამაიები.

ჩემი ბედის წერა არის უდღეური,
ყველას ვაპატიე ვინც ვერ მაპატია,
ჩუმი ფიქრებიდან ჩემს თავს ვუმეორებ,
სიკვდილის ტოლფასი მხოლოდ ღალატია.

ყველა მოგონება თავად დაიმარხა,
აღარც სტუმრები მყავს, აღარც მნახველები,
როგორც ეს წლებია არსად დამინახავს,
ღამით მოსეირნე ციცინათელები...

შმაგი წიკლაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი