გქონდეს იმედი


გქონდეს იმედი, ქვა აღმართზე ვერ დაგეწევა,
რარიგ დიდია ღიმილისგან ჩემი სიშორე,
იდარდოს იმან ვინც თავის ჯვარს ვეღარ ეწევა,
თორემ მე უკვე ჯვარს კი არა ღმერთსაც ვიშორებ.

მორიგ სიმშვიდეს ექსტაზივით პირში ჩაიდებ,
მოვლენ ქარები, ნერვებსაც რომ აგატკიებენ,
გაპატიებენ ყველაფერ ცუდს რასაც ჩაიდენ,
მაგრამ სიხარულს არასოდეს გაპატიებენ.

არ გაგიკვირდეს, დრო მოვა და შენც კვლავ იქნები
ფრთა მოტეხილი, სიმწრისაგან გაგეცინება,
გადააგორებ ერთ ღამესაც მტკივან ფიქრებში,
და მოკუნჭული ისევ მარტო დაგეძინება.

რატომ თენდება ოცნებასაც თუ ვერ აიხდენ,
ფრენა გჭირდება და ცრემლები გაპატიმრებენ,
გაპატიებენ, ყველაფერ ცუდს რასაც ჩაიდენ, 
მაგრამ სიხარულს არასოდეს გაპატიებენ.

შმაგი წიკლაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი