ტკივილისფერი


ბავშვობიდან მიყვარს ცოტა მავნებლობა,
ბოლო ფინიში კი ოთხი ფიცარია,
ღმერთმა მაპატია ჩემი არსებობა,
მათაც მაპატიონ გვერდით ვინც არიან.

უკვე მემჩნევა რომ ყველამ გადამღალეთ,
იცი მლიქვნელი ვარ მგონი არც ასეთი,
მიდით ბოლო მჭიდი სწრაფად დამაცალეთ,
თავი უფრო მტკივა ვიდრე აფხაზეთი.

ჩემი უძილობა ისევ უდრის ას ბალს,
წამით მომენატრა ჩუმი მამაჩემი,
გალაკტიონივით ვუმზერ მწიფე ასფალტს,
(ბედი ისეთი მაქვს მაინც გადავრჩები)

ბევრმა რა ხანია მიწა დამაყარა,
აღარ მეღიმება იცი? გეფიცები
უკვე ამ ცხოვრებამ ისე გადამღალა,
ზოგჯერ მგონია რომ მართლა შევიცვლები.

იქნებ სიხარულით მკვდრებში მიმათვლიდა,
ახლო ძმაკაცი ან ვინმე მისეული,
დღემდე მოვდიოდი ჩემი სიმართლით და 
ვალში არავისთან ყოფნას მიჩვეული.

წლები სიბერემდე მაინც არ მეყოფა,
და რაც არ ჩერდება დროის ისარია,
ღმერთმა მაპატია ჩემი არსებობა,
მათაც მაპატიონ გვერდით ვინც არიან.

შმაგი წიკლაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი