როგორც ლარნაკი...


როგორც ლარნაკი, რისხვით მსხვრეული,
ნამსხვრევით, ირგვლივ მიმობნეულით,
ვუმზერ სამყაროს ჟამით ძლეული,
რიგითი მსხვერპლი ჟამისეული…
დღე დღეებს მისდევს, დრო მიდის ოხვრით,
ჟანგით და თვლემით, ცრემლით და ოფლით,
რისთვის მოსულხარ, კითხულობს, უკვირს,
ყველა და, ვეღარ ვიოკებ წუხილს…
მართლაც და, ნეტა ვის დაესიზმრა,
ცხოვრება ესე, უაზრო გდებით,
წავალთ და უცებ დავავიწყდებით,
ვკვდებით და მართლაც
მაშინვე ვკვდებით.
მსხვრეულით, _ ირგვლივ მიმობნეულით,
როგორც ლარნაკი რისხვით რბეული,
ვუმზერ სამყაროს ცრემლმორეული,
ვითა უმიზნო ჟამისეული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი