გაბედულება სიტყვავ ჩემო!
გაბედულება, სიტყვავ ჩემო, გაბედულება!.. მე სხვა დიდება სამზეოზე არ მეგულება! ქარტეხილებში შეუმოწმე ხმას ერთგულება, ადიდე ქვეყნად სამშობლო და დედაბუნება! აქ თოხარიკთა ხმას უსმინეს ვრცელმა ველებმა, ყიჟინა შორეთს გაიტაცეს შლეგმა ცხენებმა, აქ გაწყდა სიმი, უნაზესი თრთოლვით რომ ჟღერდა, აქ აღმოითქვა, _ სამყაროო, დიდება შენდა!.. აქ იავნანა ირხეოდა ძილისპირული, აქ ზღაპარს ჰგავდა ღამე თვითონ პირდაბურული, აქ გაზაფხულზე სულ პირველად ატირდა ვაზი, აქვე დაედო ჩვენს ცხოვრებას საძირკვლად აზრი. გაბედულება, სიტყვავ ჩემო, გაბედულება, მე სხვა დიდება სამზეოზე არ მეგულება! აქ ახლაც რეკენ საიმედო ხმებით ზარები! აქ დიდ ცხოვრებას ამაღლებენ ოპიზარები! ლოცვა-კურთხევა სიკეთის ჰანგს გაუტანია, სიმაღლე დიდი და სიმშვიდე: _ იქ _ ალავერდი, აქ _ ბეთანია!.. გაბედულება, ლექსო ჩემო, გაბედულება!.. მე სხვა დიდება სამზეოზე არ მეგულება!.. ახლა გულს უნდა გატოლება, ხმათა მაღალთა, ვინ იცის, ეს დღე რომ გათენდა, ვისთვის დაღამდა, ვის მოუხმობენ ზენაარით ზარზმის ზარები, მელოდიები ზამბახების ნაზი ზმანებით, გაბედულება გულო ჩემო, გაბედულება, მე სხვა დიდება სამზეოზე არ მეგულება!.. ჰანგო, დასძარი, რაც კი დღემდე არ აღმოითქვა, იმ დიდ სამყაროს გაუტოლე სიტყვა და რითმა, ადიდე ქვეყნად, რაც კარგი, რაც მარადია, მახვილად ექეც, თუ შენს გვერდზე მოღალატეა! ყველა დიდ საქმეს მიესალმე, ყველა დიდ სიტყვას, ჰანგო, დასძარი, რაც კი დღემდე არ აღმოითქვა! გაბედულება, ლექსო, ჩემო, გაბედულება, მე სხვა დიდება სამზეოზე არ მეგულება!…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი