ბალადა სახალათე ქსოვილზე


ჩემს სახალათეს იმედით ვარჩევ,
რაც არის არის, მოსჭერ, ნოქარო!
ისიც ღიმილით მაზომავს ნაჭერს,
გარეთ კი წვიმს და ცა ბობოქარობს…

იქნებ ისა ხარ, ხალათო, მარად,
შავი მიწის ქვეშ მუდმივ სამოსად
მე რომ გამყვები სამარის კარად,
შორი და ძნელი გზის დასალოცად……

იცხოვრებ ჩემად, ფიქრებში ლოცვად,
სად მარადიულს შეხვდები წყვდიადს,
ჩემს სხეულს ბნელი დაფარავს როცა,
შენც დაგაცხრება სამარის ჭია…

რადგანაც გერგო ეს მძიმე ხვედრი,
შენ მირჩევნიხარ მილიონ ოქროს,
იქაც, სამარის კარად, ჩემს გვერდით,
ობლად დარჩენილს რომ მიმეგობრო!…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი