კავკასიონი გადმოიარეს


კავკასიონი გადმოიარეს,
ჩემმა ნაცნობმა თეთრმა ღრუბლებმა,
თქვენ რატომ აღარ ჩამოივლით
ჩემი სახლის წინ,
თქვენ რატომ აღარ მომახარებთ
გაზაფხულებას?..
ეზოს ჭიშკარი გადმოლახეს შავმა მერცხლებმა,
ჩემს ახლოს, მაღალ აივანზე დაიდეს ბინა,
თქვენ რატომ აღარ შემოაღეთ
ეზოს ჭიშკარი,
თქვენ რატომ აღარ შემომძახებთ,
ხოლმე სარკმლიდან!?..
ჩამოირბინეს თხემებიდან მახარობლებმა:
თავი დამიკრეს გაზაფხულის ნაკადულებმა,
ნაცნობ წვიმებმა აამღერეს ხეთა რტოები,
თქვენ რატომ აღარ მომილოცეთ
გაზაფხულება!?..
კავკასიონი გადმოიარეს,
ჩემმა ნაცნობმა თეთრმა ღრუბლებმა…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი