მყინვარწვერი
დიდი ხანია ვეღარ ვსახე შენი სახება, დიდი ხანია ცად მზირალო, ო დიდებულო! ვეღარ ავმაღლდი შენებრ, მაღლით გადმოსახედად, ვეღარ აღვმართე სული ელვად ალამპრებული… დამდგარხართ მცველად,ვით მხედარნი დაუღლებულნი, მყინვართ კრებულნი, ამაყნი და გაცისკრებულნი. მამულის მკვიდრნი და მამულის უნჯნი მაყარნი, ჩრდილოს ქარიშხალს უმკლავდებით ეჰა, რა ხანი! შენა ხარ ჩვენი მონბლანი თუ ანდალუზია: – სამყაროს შფოთვით და წამებით ჩაფიქრებული, საუკუნეებს ჩაუვლიათ, თან წაუღიათ ათასი დარდი, ჭირ ვარამი ჟამისეული. იბადებოდნენ, ოცნებოდნენ,იხოცებოდნენ, რა არ იხილეს, ვინ არ ნახეს, – სივრცე ვნებული, მინდა მათსავით შენს კალთებზე ვილოცებოდე, შენს სიდიადეს და მშვენებას დამონებული! გაუძელ დროთა ფერისცვალებას, ათას გრიგალებს, ათას წამებას… სამყაროს შფოთვას, თაკარა მზეს,თუ უმზეობას, ათას ცოდვა–მადლს, თუ უზნეობას! ხარ და იქნები მოიმედე სამშობლოისა, იდექ გულფხიზლად, სიამაყევ ყველა დროისა, ხარ ერთადერთი და შენს სულში ბინადრობს ღმერთი, დედა სამშობლოს მადლს რომ აფენ – ეს ხომ ასეა, გერგეთის მთებში ისევ ელავს ყოდანის სვეტი, ყუროს მწვერვალიც,ხომ უბადლო სილამაზეა! ოდეს შეგიცან, სიამაყით, შენით ვბნდებოდი, შენ კი, მოსეულ შავ ნისლებით იმოსებოდი. შენსკენ ვილტვოდი, დასევდილი ჩუმ სიმარტოვით, როს გაზაფხულის მგზნებარებით ფრთას შლიდნენ რტონი, შენს ამაყ მკერდზე თავს მივდებდი წამით ვნებული, ყველა ძვირფასი მოკეთისგან დავიწყებული. შენს გადატანილ დროჟამეულ უმძიმეს ვარამს, გაყიდვას, ტკივილს, ქართლის ბედის უთვალავ ღალატს; – შენგან ვისმენდი თავს დატეხილ ავბედით რისხვას, ჭაბუკი ვიყავ, ვინ არ ელტვის გარდასულს ძვირფასს!… ერეკლე გახსოვს?… მისი ფიცი, მისი ვარამი?… დიდი დავითი! ვინც ააგო თერგზე კარავი, მანვე უჩვენა ყველა ქართველს გზა უმკვიდრესი, მან შეიფარა თავის ფრთებში კეთილი მწყემსი, შენ არ დაბადე?… შენ არ მიეც რწმენა ასწილად?… ჩვენს გმირს ამირანს, ის ვინც ბედმა მწარედ გასწირა. შენს ამაყ მკერდზე დამხობილი,ვედრებით გიმზერ, როგორ გავიდე უღრანიდან,ამ ფიქრებს მისევ, შენ ხარ მაღალი, შენ ფიქრი ხარ, ხარ მრავალძალი! შენით მზეობდნენ ფარნავაზი და გორგასალი! დღეს ისევ ისე, ჩვენს არეულ და სასტიკ დროში იქნები ჩვენი მოიმედე შენს სამკვიდროში!…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი