იანოშ დომიკოშის ხსოვნას


ახლაც ვიგონებ სვეტიცხოვლის დიდ გალავანთან,
ვუმზერდით სამნი,
თვალმიპყრობით სივრცეს ვედრებით,
დაუნჯებულნი საოცრებით: ზვრები, ზეგნებით,
შორს კავკასიის მზირალი მთებით…
ჩვენი მთა-ბარი გაზაფხულის იცვამდა პერანგს,
როგორც ყოველთვის, მომხიბვლელი ჩანდა ყოველი,
შენ შენი ერის ტკივილები გტკიოდა ჯერაც,
მე საქართველოს ტკივილების ვიყავ მთხრობელი…
… გადაუარა ისტორიამ ჩვენს ხალხებს რისხვით,
მოკვდნენ და მაინც ბარბაროსებს ვერ უერთგულეს,
ჩვენი ცხოვრება მიდიოდა ბრძოლით და კირთით
და ბედისწერა აერთებდა თითქოს ჩვენს გულებს…
ლხინი გავმართეთ საბადურზე – უღრანი ტყიდან
მხეცთა ხმაური მოჰყვებოდა სიოს მეგზურად,
ვმღეროდით ერთად, შენ – უნგრულად,
მე კი ქართულად,
საქართველოს ცა ნაბდად გვეხურა…
შენ წახველ მერე, დამიტოვე ფიქრი მრავალი,
როგორც შემპირდი, შენს ჩამოსვლას კვლავაც ველოდი,
მერე აიმღვრა, შემოიჭრა სევდა მზარავი,
მოვარდა, როგორც დამარცხებულ ჯართა მზვერავი,
გარბიან წლები,
ხსოვნა მაინც ინახავს წარსულს,
შენ აღარა ხარ,
გულს არ ძალუძს შენი დათმობა,
სვეტიცხოველის დიდ ტაძართან ისევ ვიგონებ
იმ დღეს, იმ ნატვრას, იქ ნათქვამ ძმობას……

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი