ხომ შეიძლება ისე ღარ მიყვარდე მერე...


ხომ შეიძლება, ისე აღარ მიყვარდე მერე,
და ეს მაფიქრებს ყველაზე მეტად!
რატომ დამჩემდა, მეც არ ვიცი, ასეთი შიში,
მაშინ, როდესაც, ძველებურად ვისმენ მქუხარი,
მდინარეების სრბოლასა და ზღვის მიმოდენას…
ქარიც ხომ ისევ დანავარდობს და ელვაც ელავს!…
ოდესღაც, როცა შევიცანი სიცოცხლის არსი,
ერთგულებათა ბარიერთან ვიწვევდი ყველას,
ჩვენ ხომ ოდითგან, ჟამისმიერი,
შეუქცევადი, გვთავნს ბედისწერა;
მე ამ ბრძოლაში დავმარცხდი და
წუხილს არც ვმალავ…

გამარჯვებულიც ვერავინ ვნახე!

ცხოვრების ურჩი, ამაოების, უკურნებელი
ხელწერა ვიცან:
ბედნიერების მაუწყებელი დაფნის რტოც დაჭკნა
და გაიცრიცა!
დამცხრალი ჟინით, მიიძინა დაისის მწუხრმა;
უხმოდ ჩამოდის სევდიანი საღამო მთიდან,
სულში ღამეთა აჩრდილები იწყებენ როკვას…
გზაჯვარედინთან, მაღალ ხეებზე,
ლეშზე ნაგეში
სვავები სხედან.
–შენ საით?… – ქარი მეკითხება,
და ვერ ვპასუხობ:
წლებით დაღლილი,კვლავ ძველებურად,
როგორ შევუდგე მთებისკენ აღმართს?
სატრფოს ალერსსაც დაეკარგა ნანატრი ჟინი,
ისე,რომ ცრემლიც ვერ დააცხრობს
ტკივილებს ჩემსას.
სულის სიობლევ,თანამგზავრო,ერთგულო ჩემო,
ქვეყნად შენს გარდა, ვინღა ვიწამო?!
სასაფლაოთა ჯვრები იფარავს
და შესრუდული
მოსჩანს მიდამო…
ხომ შეიძლება, ისე აღარ მიყვარდე და მე,
რაღა ვქნა მაშინ,როცა შენ იყავ,
ნუგეში დიდი, უღონობის ჟამს, საიმედო
ძალა და რწმენა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი