სამნი ბრმანი ( იგავ-არაკი)
იყო ერთი გლახაკი ყრმა. წავიდა სხვაგან სამწიროდ. დაჰყო ერთი წელი. ცხრა ფლური მოიღვაწა. წლის გასრულებაზე წამოვიდა თვისსა თემსა. რა ქალაქს მოახლოვდა, მდინარე იყო და გაშიშვლდა, დაიბანა და ტანს ჩაიცვა. წამოვიდა, ფლურები თურე მუნვე დარჩა. მოაგონდა ფლურები და აღარ აქვნდა. ღმერთსა აღთქმა დაუდვა: თუ ჩემი ფლურები ვიპოვნე, ერთი შენს სახელზე გლახაკს მივსცეო. მივიდა, სადაც ტანი ებანა, მუნვე პოვა. წამოვიდა ქალაქად. ერთი უსინათლო გლახა პოვა, უთხრა თავისი ამბავი: ასე აღთქმა დამიც და აჰა ფლურიო! იგი გლახა ორისავ თვალით ბრმა იყო. ასე უთხრა: რადგან ღვთისათვის შეგიწირავს, ცხრავე მომეც, მე რომელიც მნებავს, გამოვარჩევო. დაენდო კაცი იგი, და ცხრავ მისცა. მან ბრმამ ცხრავ ჯიბეში ჩაიდვა. ამ კაცმან თხოვა დაუწყო. გლახამ ზახილი შექმნა: მიშველეთ, ეს კაცი რას მიპირობსო? მოწამე არა ჰყვანდა. წაართვა მან ბრმამან ფლურები. დაღონდა ის საბრალო კაცი, თან გაჰყვა: ამ ჩემ ფლურებს რას უზამსო? შევიდა ეს გლახა თავის სახლში, ერთი ქილა ამოიღო, სულ ფლური ედვა, ისიც ზედ დააყარა და უთხრა: ჩემო ხუთასო ფლურო, ეს ცხრაც შემოგმატეო! სამჯერ შეაგდო ქილა და დაიჭირა. მეოთხედ რა შეაგდო, მან კაცმან ჰაერში ხელი მოჰკრა და დაუმალა. ეძება ბევრი, მაგრამ სადღა ჰპოვებდა? გამოვიდა და დაიწყო ტირილი. მოვიდა სხვა უსინათლო გლახაკი და უთხრა: რა გატირებსო? უამბო მის ამბავი: ასე, ხუთასი ფლური დავკარგეო! მან მეორე ბრმამ უთხრა: აგრე უნდა ფლურის შენახვაო! ამ ჩემს მრუდს ჯოხში შვიდასი ფლური ძეს, სადაც დავაგდებ, ვინც აიღებს, მევე მომიტანსო! უწინდელმა ბრმამ სთხოვა: მაჩვენეო! რო მიაძლია, ეს საბრალო კაცი იქივ იდგა, მან გამოართვა. რა დაგვიანდა, თხოვა დაუწყო. მან უთხრა: არ მოგიციაო. ამაში შუღლი გამოერიათ ორთავ ბრმათა. ამ ჩხუბზე ერთი სხვა უსინათლო ბრმა მოვიდა, ჰკითხა: რა გაშუღლებსთო? მან მისი ქილისა უთხრა და მან მისი ჯოხის ამბავი. მან მესამემ ბრმამ უთხრა: ვაი თქვენს ჭკუასა, რა კარგა შეგინახავსთ ფლურებიო! ამ ჩემს ძველს ჩოხაში ათასი ფლური ძეს, სადაც გავაგდებ, მევე მომცემენო. საბრალო იგი კაცი მუნვე დგა. ესმოდა, წავიდა, თაფლი იყიდა და ჩოხაზე შესცხო. ფუტკარი დაეხვია. ბრმამ ჩოხა გაიხადა. ისიც მან საბრალო კაცმან წაიღო. შექმნეს ამ სამთავ ბრმათ ყვირილი და ტირილი. ეს საქმე სამეფოდ გახდა. მეფემ კაცი დააძახა: ვინც ჰქმენით, მოდით, მე მიამბეთ, თვარა სულ ამოგწყვეტთო! იგი საბრალო კაცი შეშინდა. მივიდა და ყველაყა მოახსენა: ესრე კარგი ვუყავ და სიკეთის პასუხი ეს მიყოო. მას საბრალო კაცს მეფემ ესრე უბრძანა: რადგან კარგისათვის კარგი არავის უქმნია, ას-ასი ფლური შენს სამლოცველოდ მიეც და სხვა შენი იყოსო.
წყარო: www.aura.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი