ვირი,ვეფხი,მელი და მგელი (იგავ-არაკი)


ერთი ვირი გლახაკისა კაცისა, მიჭირვებული და მჭლე, გაეპარა პატრონსა თვისსა და წავიდა, ერთსა მაღალსა ადგილსა დაისადგურა. 

ესეთი ადგილი იყო: დიდი წყალი ჩადიოდა და წყალთა პირსა ხენი შვენიერნი იდგნეს, დიდნი კლდენი მოსცემდენ, კორდნი - მწვანენი, ყვავილოვანნი. თურე ვეფხის სამკვიდრო იყო და მუნ დადგა. 

ვეფხი ნადირობად იყო. მოვიდა, ნახა, დიდად ეუცხოვა და დიდად შეშინდა. რა ვირმან ვეფხი ნახა, თავისის სიკვდილის მოციქული ეგონა, ყურნი წაიცქვიტნა და დიდი დაიყვირა. ვეფხს ესეთი შიშის ზარი ეცა, გზათა კვალი ვეღარ გაიგნო, კლდეზედ გარდაიჭრა და გაიქცა. 

მიმავალს მელი შემოეყარა. სცნა შეჭირვებული მივიდოდა, თაყვანი სცა და მოახსენა: ნადირთ მეფეო, სად მიბრძანდები, ანუ რად დაგიღრეჯიაო? 

მან უთხრა: ჩემსა სამეფოსა ერთი უცხო ბუმბერაზი მოსულა, მისის შიშით ვეღარ დავდეგ და გამოვეცალე, მით დამიღრეჯიაო! 

ჰკითხა მელმან მისი ამბავი. მან ყველა უამბო: სახე მისი, ოთხფერხობა, ყურდიდობა და ხმამაღლიობა, ფერი და, რაც რამე სჭირდა, ყველაყა. 

მელმან მოახსენა: 

- ეგე ვირია, ნუ მირბი, მე მას გავაძებ და თქვენ უზრუნველად განისვენეთ! 

ვეფხმან არ მოუსმინა; მელიც თან გაჰყვა, წავიდნენ. 

შემოეყარათ მგელი, თაყვანი სცა და მერე მელს ჰკითხა: 

- რად შეჭირვებულა, ანუ სად მიბრძანდება? 

მელმან მგელს ყოველივე უამბო: ვირის გამოქცეული მირბისო, ვუშალე და არ დაიშალაო. 

მგელმან მოახსენა: ნუ სწუხხარ, ჩემი სადილია, დია მშიან, შეიქეც, მის საქმეს მოგახსენებო! 

ვეფხმან ეგრე უთხრა: თუ ჩემი ღალატი არ გნებავსთ და მართლა მეტყვით, ერთი თოკი მოიღეთ, შუა მე მოვებმი და აქათ ერთი მომებით და იქით მეორე. ერთად მივიდეთ და რაღაცა დაგვემართოს, სამთავ სწორად დაგვემართოსო! 

წავიდა მელი, თოკი მოიპარა, მოიტანა. სამნივ გამოებნეს და ერთად მივიდნენ. რა ვირმან ესენი ერთად მისულნი ნახა, ვაება გაუმრავლდა, შექმნა ყვირილი და ზახილი. ვეფხი შეშინდა, მრჩევლებს აღარა უსმინა რა, თოკს მოზიდნა და ორნივე დაარჩო, თვით გარდაიხვეწა. უკანის თქვა: თუ არ მას ადგილს ჩემი დარჩომა არსად არ იქმნება, წავიდე და მას ბუმბერაზს ვეყმოო, ეგება დამინდოს და ჩემსა ალაგსა კიდევ ვნახევდე ხოლმეო. 

მივიდა ვირთან დიდის კრძალვით, შეეხვეწა და ეყმო. ვირს მისგან ეშინოდა და მას უფრო ვირისაგან. 

უბრძანა ვირმან: 

- რადგან მეყმევ, კარგად დაგარჩენ, ჩემის სახლის უხუცესობას მოგცემ, ორს შეცოდებასაც შეგინდობ, და მესამეს ერიდე! 

იყვნენ და განისვენებდენ. 

გამოხდა ხანი. ვირს ეძინა. ვეფხს ნავარდი მოუნდა და წყალს გახლტა, მჭავლს კუდი დაჰკრა, ვირს წუნწკლი შეასხა; გაიღვიძა, იწყინა და დიდად დატუქსა. 

მეორეზე ვირი წყალში ჩავიდა, წყალი დიდი იყო, ვირი წააქცია და დაღუპა. შეიჭრა ვეფხი, ვითამ ბატონს მოეხმარა, და გამოიყვანა. ვირი მიზეზს ეძებდა, თუცა გავიცალოო, არა ამიტეხოს რაო. 

გაუწყრა: მე კალმახს ვნადირობდი, შენ რად გამომიყვანეო? 

ვეფხს მესამის შეცოდების რიდი ჰქონდა და გარდაიხვეწა, იგი ადგილი ვირმან დაიმკვიდრა.

 

წყარო: www.aura.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი