ორმოში ჩაგდებული მეფე (იგავ-არაკი)
ორნი მეფენი შეიბნენ. ერთმან მეფემან მეორესა სძლო, შეიპყრა და ორმოში ჩააგდო. გამოხდა ხანი. მოვიდა ერთი მეცნიერი კაცი და ენება აღმოყვანება და გაპარება მისი. ჩასძახა ორმოსა შიგან და უთხრა: კარგად არა ვიქმ, რომ გაგაპაროო? მან მეფემან მადლი უბრძანა. თოკით ამოზიდნა და ამოიყვანა. კიდევ უთხრა: კარგად არა ვქმენ, რომ ამოგიყვანეო? მეფემან კიდევ მადლი უბრძანა. მესამედ კიდევ უთხრა: კარგადა ვქმენო? ეწყინა მეფესა და დაიძახა: ვინა ხართ, ამ კაცმან გამაპარაო! მოვიდნენ მცველნი, შეიპყრნეს ორნივე. ჰკითხეს მეფესა: რად გაამჟღავნე და რად არ გაიპარეო? მან თქვა: ვირემ ამომიყვანდა, საყვედურით ამავსო, თუ შინ მიმეწია, კიდეც დამარჩობდა, აქავ ყოფნა ვირჩივეო. - აწე კარგი საქმე ასე უნდა ქმნას, ან ღმერთმან დაუმადლოს, და ან კაცმან მოუწონოს.
წყარო: www.aura.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი