თვალხილული და უსინათლო (იგავ-არაკი)


თვალხილული კაცი ვინმე მოვიდოდა გზასა და ოცი მარჩილი თან აქვნდა. გზასა ზედა ერთი უსინათლო და უწინამძღვრო გლახაკი შემოეყარა, რომე არგნის ცეცებითა ჰპოვებდა გზასა. 

თქვა თვალხილულმან: გამოვსცადო ბრმა ესე, ვითარი კაციაო? წავიდა მის პირისპირ და ზედ შეეტაკა და დაიძახა: ვინ მეძგერე ბრმასა ამას, რომელსა წინამძღვარიც არა მყავს და დამარეტიანე, ღვთისა არა გეშინოდა, რომ ესე მიყავო? 

მან ბრმამან უთხრა: მეც ბრმა ვარ და ჯოხით ვალ, უცნაურად გეტაკე, ნუ მაბრალებო! 

დასხდენ და საუბარი რამე დაიწყეს და ალერსობდენ. უთხრა თვალხილულმან: მე ნათხოვნი ოციოდე მარჩილი მაქვს და არ ვიცი, რომელი წმინდა ვეცხლია და რომელი შერყვნილიო? 

ბრმამან უთხრა: მე ვიდრე თვალი მედგა, ვეცხლის მუშა ვიყავ და მე ვჭრიდი. მომეც, განვიხილავ, ყველას ხელით ვიცნობ და მე გაუწყებო! 

მისცა ყოველი და მან ბრმამან სარტყელსა გაიხვია, გაეპარა და ხნულში ჩაწვა, დამალვა ეგონა. რა ხანი დაიგვიანა, თვალხილულმან ზახილი დაუწყო: 

- რა ჰქენ და რა უყავ, რად დაიგვიანე? 

დაუწყო ვედრება: 

- ნუ წამიღებ უსინათლოსა, მრავლითა ჭირითა და სლვითა მიშოვნია, ჩემი ბრალი ნუ გინდა! 

მას ბრმას დასტურ ბრმა ეგონა და იმალვოდა. 

თვალხილულმან ვედრება დაასრულა, აიღო ერთი ქვა და თქვა: ღმერთო, თუცა იგი კაცი არ მემართლებოდეს წართმევასა, ეს ქვა ფერხთა ზედან ვჰკრაო. 

გაუშვა ქვა და ფერხთა ზედან დასცა. ბრმა იგი მუნით ადგა და სხვაგან დაწვა, გაპარვა ეგონა. აიღო მეორე უდიდესი ქვა და ევედრა ღმერთსა: მე უსინათლოსა ესოდენი ნასულთქმი მომპარა, თუცა ვემართლებოდე, ბეჭთა ზედან ვჰკრაო. 

სტყორცნა და ბეჭთა ზედა დასცა. ბრმამან იგიცა გასძლო და ხმა არ გასცა. მუნითაც გაიპარა და სხვაგან დაწვა. 

მესამე აიღო და თქვა: ღმერთო ეს ქვა შუბლსა ვჰკრაო. 

მან ბრმამან ესრე თქვა: ორი სადაც დამინიშნა, მკრა და იმასაც თუ შუბლთან მკრავს, მოვკვდები და ეს ვეცხლი ვის დარჩეს? უყივლა: ძმაო, რას სწუხ, გამორჩევა მნებავს ავ-კარგთა და მოგცემო. მან თვალხილულმან აგინა და ეგრე უთხრა: ბოროტ ხარ! მე თვალხილულსა შენ ბრმა ვეცხლსა მპარავო!

 

წყარო: www.aura.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი