ბრძენი და მდიდარი (იგავ-არაკი)
იყო კაცი ერთი ბრძენი, რომელი ვაჭრობისა სიმდიდრისაგან დაცემულიყო. წავიდა და მოვლო პირი ყოვლისა ქვეყანისა და მივიდა ინდოეთს. გამოიკითხა მუნ კაცი დიდად მდიდარი და მდიდრობისაგან უმეტესად ღვთის მოშიში. რა აცნობეს, დაისწავლა სახლი მისი, მივიდა და რქვა კაცსა მას: - ძმაო, ძოღან ორმოცი ლიტრა ვეცხლი ივასხე, ახლა დიდად მეჭირვება და მომეც, ღვთისათვის გევედრები! მან მდიდარმან უარყო. რომელი არა ევალა, რას მისცემდა? უთხრა: - როდეს ვივახშე, მოწამე ვინ გივის და ანუ ხელითწერილი სად არს? მან კაცმან ეგრე უთხრა: - მაშინ საქმიანად იყავ და ესრეთ მითხარ: არა მცალს და ხვალე მოდი, ხელითწერილს მოგცემო. მე შენი მორწმუნე ვიყავ, დაგჯერდი, მე სხვა საქმე დამეცა, იგი დამავიწყდა, წაველ და აწ გთხოვ, თუცა მტყუარ ვარ, შენ სახელი ღვთისა იფიცე, ჩემი ვეცხლი არ გევალოს, და გარე შევიქცე! მან, ღვთის მოშიშმა მდიდარმან, ეგრე თქვა: რასათვის ვფიცო სახელი ღვთისა ამა მცირედსა ზედა. ღმერთს ჩემთვის ეგოდენი უბოძებია, მრავალს კაცს ეყოს. ორმოცი ლიტრა ვეცხლი მას მივსცე, სხვა მე მოვიხმარო და ღმერთი არ გავიწყრომო. არ იფიცა და მას კაცსა თხოვილი მისცა. მან კაცმან, რომელმან წარიღო ვეცხლი, ეგრე თქვა: ღმერთო, მართალო და ჭეშმარიტო! შენ უწყი, ჩემისა სიგლახაკისათვის ვქმენ ესე. აწ თუ გამემარჯვოს სავაჭროსა ამასა ზედა, ყოველი მონაგები ამავე კაცსა მოვუძღვანო და ყველაყა ვაუწყო. წავიდა იგი კაცი ჩინ-მაჩინს. ესრეთ ივაჭრა და გამდიდრდა, რომე უდიდესი ვაჭარი აღარ ითქმოდა. რაოდენთა წელთა უკანის, მუნვე ქალაქად მოვიდა, მონახა მდიდარი იგი, პოვა და იწვია. ამან იცნა და მან მდიდარმან ვერა შეიყვანა სალაროსა თვისსა და, რა რომე აქვნდა, აჩვენა. და უკვირდა მდიდარსა მას დიდება მისი და სიმრავლე უნჯთა. მოუწონა და უქო ყოველივე. მერმე მან კაცმან ამოიღო კლიტე მისისა სალაროსა, მიართვა, ხელს აკოცა და მოახსენა: ესე ყოველი შენია და ღმერთმან გაუფლოსო! მას მდიდარსა ძოღანდელი საქმე დავიწყებიყო და ჰკითხა ვინაობა და ვითარობა, და მან ყოველივე ყოფილი მოახსენა: ჩემმან სიგლახაკემ მომაგონა, თვარა შენ ჩემი არარა გევალა. მე რა მქონდა, რომ გამევასხა. ესე ყოველივე შენია, დაეპატრონეო! გაუკვირდა მას მდიდარსა მის კაცისა სიმართლე და გულკეთილობა. ერთი სარტყელი აიღო და ერთი საპერანგე. ეგრე უთხრა: ესეც ამად ავიღე, ნუთუ გულის კლება შეგექმნას, ღმერთმან შენ მოგახმაროს, რადგან შენი ეგეთი კეთილობა ვიხილე, ჩემი რაც მაქვს, იგიც შენი იყოსო.
წყარო: www.aura.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი