მკალავი და ვირი (იგავ-არაკი)
ერთი მკალავი იყო. ვირს საფქვავი აჰკიდა, წისქვილში წავიდა, დაფქვა, გამობრუნდა. გზაზე ვირი დაუდგა. ვეღარ დაძრა, დაღონდა. ჯიბეში ნიშადური ედვა, ქვაზე დანაყა და ვირს კუდ ქვეშ მოსცხო, ეგება დასწვას და ააჩქაროსო. რა ნიშადური მოსცხო, ვირი ესეთი გაიქცა, მკალავი ვეღარ მოეწია. დაღონდა: ვირი არსად გარდამეჭრას და არ დავკარგოო. ცოტა ნიშადური თითონაც ამოისვა: ეგების ვირს მივეწიოო. ასე გაშმაგდა მკალავი, ვირსაც გაუსწრა, სოფელი და თავისი სახლიც გაირბინა. ცოლს მისძახა: ჩემი ნიშადური ცხარი იყო, მე ვეღარ დამდგარვარ და ვირს ეპატრონეო! - რუქავ, შენც ნიშადური ამოგისვამს, იგი გაჩქარებს, თვარა მეფის წინაშე შენგან და ანუ სხვათაგან მაგ რიგი ვითარ იკადრება? მერმე ჯუმბერ დადრკა, მამას ეთაყვანა, მიწას აკოცა და ეგრე მოახსენა: - დამბადებელიმცა შენი დიდებულ არს, სვემცა შენი ბედითურთ ამაღლებულ არს, სახელიმცა შენი ნუ დაილევის! შენის სიმაღლით მდაბლის გულითგან ჰბრძანებ, თვარა მე შენსა პირისპირ ჭვრეტასაც არა ღირს ვარ, არა თუ ეგეთსა წყალობასა. მე თუცა შენი მოწყალე ბრძანება მესმიან, ყოველთა დიდებათა უდიდესად მიჩანს. მე თუ რამ სიკეთე მაქვნ - შენგან, თვარა ვინ ნახა ქვრიმა დათესოს და ებრენიკი მოიმკოს, ანუ ეკალი დაერგოს და ხურმა მაზედ მოეკრიფოს. კეთილი ხე კეთილს მოიბამს, თვარა თავით თვისით ხილი უნერგი კარგი არ იქმნება, და არცა ალქატი ხე რწყვითა და კაზმით გაკეთდება. არაკად თქმულა: ქორი ქორსა სჩეკს და ძერა ძერუკასაო. ჩემს სიკეთეს მე ნუ მაკვეხებ და ნურც მე მადებ. კალატოზმან, რომელმან ნატიფად სახლი აღაშენა, სახლის სიკეთეა, ანუ მაშენებლისა? მხედარმან, რომელმან კვიცი კარგა სადავედ გაწვართოს, კვიცის საქებელია, თუ მხედრისა?
წყარო: www.aura.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი