ქრისტიანი და ურია (იგავ-არაკი)


სტამბოლს ერთი ქრისტიანი და ერთი მდიდარი ურია ქიშპნი იყვნენ. ურია მალ-მალ ქრთამსა გაიღებდის და ამ საბრალოს ქრისტიანს დააჭერინებდის თათართა. ხან სციან, ხან დააბიან. იყო დიდს საპატიჟოში. 

დღესა ერთსა მან ქრისტიანმან ჰკითხა მას ურიას: წინასწარმეტყველნი რამდენნი იყვნენო? 

ურიამ თქვა: ოცდაოთხნიო. 

ქრისტიანმან უთხრა: სახელები დაწერეო! 

ურიამ ყველა დაწერა. 

ქრისტიანმან უთხრა: მაჰმადი რად დააკელო? 

ურიამ თქვა: როდის იყო წინასწარმეტყველიო? 

ქრისტიანმან მისის მტერობით ამ კითხვაში თათარი დაისწრა, მოწმად დაიჭირა. მივიდა. ყადს უთხრა. დაიჭირეს ურია და დაარჩვეს. 

- აწე, ყოველი მტერი ამის ცდაშია, რომ დრო შემოიგდოს და წაახდინოს. 

დიდს მტერს კაცი ან შეეხვეწება და ან გარდაეხვეწება. 

სწორს მტერს ან პასუხს უზამს, ან მოუფრთხილდება. 

ცოტასა და ცუდს მტერს უნდა უფრო უფრთხილდეს კაცი: 

ცოტა მტერი ცეცხლსა ჰგავს, ნაცარში დამალულსა, არა ჩანს და რა გაჰქექ, ხელს დაგწვამს. 

ცოტა მტერი სიკვდილსა ჰგავს უჩინარსა, მოვა, ვერცა ქრთამით, ვერცა ძალით, ვერცა ხვეწნით ვერ მორჩება. 

ცოტა მტერი რა კაცზე დროს იშოვნის, აღარას ღონითა არ გაუშვებს, არ გადარჩესო. 

ცოტა მტერი ორმოსა ჰგავს, თივას ქვეშე დაფარულსა, რა შესდგე, ჩაიჭრები. ამისათვის უნდა ყოველი კაცი ცოტას მტერს უფრთხოდეს, საფათერაკო იგია. 

ავის კაცისაგან წახდენაც სირცხვილია კაცისა და გაკეთებაცა, თვარამ კარგის კაცისაგან კარგი სჭირს თუ ავი, ორივ სახელია, ამად რომე, თუ ავი არა ხარ, ავს კაცს რად მოირევ და თუ უარესი არა ხარ, რად შეეხვეწები. ეგრევე, თუ კარგი ხარ, კარგს გიზამს; კარგისაგან კარგი გამოვა და მას იქმს, და თუ ავს გიზამს - სიკეთე, ჭკუა და ძალი სამივ შენზე მეტი ექმნება და მოგერევა. 

მაგრამ კაცისა დიდი სიკეთე იგია, რომე სიავე არ იმახსოვროს და სიკეთით დაფაროს.

 

წყარო: www.aura.ge/103-sabavshvo/4947-sulxansaba-orbeliani--qrist

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი