უმეცარი დალაქი (იგავ-არაკი)
ჩემი შობისა და მამა-დედათა უცნობობისა უწინარესვე ვჰკადრე მეფობასა თქვენსა და რა აქათ წამოველ, სოფელსა ერთსა მოველ. ხუთნი ამხანაგნი სხდეს და ლაღობდენ. მაწვიეს მეცა და დამსვეს მათთანა. თავთა პარსვა მოუნდათ. მას სოფელსა ერთი უმეცარი დალაქი თურე იყო. კარგი ცოდნა იჩემა და მოვიდა. დაუწყო ერთსა თავსა პარსვა. თურე დია შეაჭირვა. მიღმა აქლემი ღრიალებდა. მან კაცმან თქვა: მას აქლემსაც თავს პარსვენო და მისთვის ასე მწარედ ყვირისო. ჩვენ ვიცინეთ და სხვათაც მოვაპარსვინეთ. მეორეს დაუწყო პარსვა და დიდად შეაწუხა. ამოიღო ხუთი ბისტი, მისცა და უთხრა: ვიცი, ცოცხალი ვერ გარდაგირჩები, შენი ხელფასი არ შემრჩეს, მას სოფელსა ვალად არ დამეკიდოსო. მესამეს დაუწყო პარსვა. მოკორტნა თავი და სისხლმდინარეს ბამბა დააკრა, სხვაგან მოჰკორტნა და დააკრა ბამბა. მართ ათამდე ადგილს დაჰკორტნა, ნახევარი მოჰპარსა. და რომ ვეღარ გაუძლო და შეაჭირვა, ეგრე უთხრა: ძმაო, ნახევარი ბამბა დაგითესავს, ნახევარი იყოს, ეს ნესვად მინდა დავთესოო. ვიცინოდით და ერთმანერთს ამბავს ვკითხევდით. მეოთხეს პარსვა დაუწყო. რომ შესჭირდა, მე ვკითხე: რავდენი ძმანი ხართ-მეთქი? მან ეგრე მითხრა: თუ ამ კაცს მოვრჩი, ექვსნი ვართ, თუ არა - ხუთნიღა დარჩებიანო. მეხუთეს დაუწყო პარსვა. დაჰკორტნა ბევრგან და ბამბა დააკრა. რა გაათავა, ორი ფული მისცა. იგი დალაქი თურე სიტყვაწყლიანი იყო და ეგრე უთხრა: შენს თავსა ზედა ხუთის ბისტის ბამბა დამეხარჯა და ორს ფულს მაძლეო. ვიცინოდით და, რომელიც უარს იტყოდა, ძალათ მოვაპარსვინით ხოლმე თავი. რა მე დამიწყო პარსვა, დია შევჭირდი, მარა თავს არ დავიტყევ, რა გაათავა, ფასი მივე და მადლად ვუთხარ: ასემც მამა-დედათ შენთა სული განისვენებს, ვითა მე განმასვენე-მეთქი. მათ ჩემთა ამხანაგთა გამკიცხეს: ხმელი ვირის თავი დაიყვირებდაო, შენ რა მადლს ეტყვიო? მე ეგრე ვუპასუხე: - უარი მეთქვა, არ მომეშვებოდით, და იგი კაცი დავიმადლე და მამა-დედა დავუწყევლე. მათ მკითხეს: ვითაო? მე ეგრე ვუთხარ: მე რომ მისგან პარსვით განვისვენე, თუცა მისთა მშობელთა სულნი ეგრე განისვენებენ, ჯოჯოხეთს რა უარესი ტანჯვა იქნების-მეთქი? ვსვით ღვინო და განვისვენეთ.
წყარო: www.aura.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი