ბრძენი მკურნალი (იგავ-არაკი)


ჩემი გამწვრთნელი დიდი აქიმი იყო. ყოვლის სენის მკურნალი იყო და თვით დასნეულდა დიდად. მოვიდენ მრავალნი მკურნალნი და რომელნიცა შემოვიდის საწამლოდ, მან სნეულმან ერთი თითი აუშვირის. იგი აქიმნი ვერას მიუხვდიან და აღარ აწამლების. 

გამოხდეს მრავალნი დღენი. ეს ამბავი გაითქვა ყოველგან. ერთი სხვა აქიმი მოვიდა და ნახა. მან სნეულმან რომ ერთი თითი აუშვირა, მან მოსულმან ორი თითი აჩვენა. იამა სნეულსა, მოიხმო და მაჯა აჩვენა. უწამლა და მორჩა. 

მე ვკითხე: 

- რად სხვათ არ აწამლებინე-მეთქი? 

მან მითხრა: 

- ყველა გამოვსცადე და სიბრძნე არც ერთსა ჰქონდა, და უსიბრძნო აქიმი სამსალას მშობელია. 

ვჰკითხე: 

- თითის ჩვენება რა იყო-მეთქი? 

მან მითხრა: 

- მე ერთის თითის ჩვენებით ამას ვეტყოდი, თუცა ასი კაცი არ გაგიტყავებია, სრული აქიმი არა ხარ-მეთქი. სხვათ ვერა შეიგნეს რა. და მან ორი თითი მით მიჩვენა, ორასი გამიტყავებიაო და იგი, ამისი ცოდნა, მიამა და მით მოვრჩი.

რა სნეულს გულს დიდად იამოს, იგი მორჩეს უსაცილოდ.

 

წყარო: www.aura.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი