მეფე და აქიმი (იგავ-არაკი)


ბასრელს მეფეს საჭმლის ჭამასა შინა ყიას ძვალი დაეხირა. ვერა მკურნალმან ვერ არგო. წაიყვანეს პაპა ჩემი. მივიდა და ნახა. ჰკითხა ყოველი ყოფილი და შეიგნო. 

მერმე ჰკითხა: შვილი გივისო? 

მეფემ უბრძანა: 

- ერთი ძე მივის ვირე ცხრისა წლისა და მსგავსი მზისა არის. 

აქიმმან მოახსენა: თუცა მას დამაკვლევინებ და მის ღვიძლსა სჭამ, მორჩე, თვარა სხვა ღონე არა არის მორჩენისა შენისაო. მეფემ შორს დაიჭირა და მან იგივე უთხრა. რა ღონე აღარ იყო, ვაზირთაც ურჩიეს: 

- თუ შენ მოჰკვდე, მტერნი შენნი შენს ძესაც მოჰკვლენ და სამეფოსაც ააოხრებენ და, შენ თუ მორჩები, სხვა ძე გეყოლება. 

გამოიყვანა მეფემან ძე, მუხლთა დაისვა და აკოცებდა, ტიროდა და ეტყოდა: შვილო, ესრეთ მეტყვიან, ძე შენი დაკალ და მისი ღვიძლი ჭამე და მორჩებიო! 

შვილმან ეგრე მოახსენა: თუცა შენ გერგება, ჩემი თავი შენისა ჭირისამც ნაცვალი იყოს, აჰა, დამკალ. მამა შვილსა შობს და შვილი მამას ვეღარაო! 

მოსცეს აქიმსა დასაკლავად. 

მან აქიმმან ეგრე თქვა: ერთი ფარდაგი გამიბით, მეფემ თავისი შვილის დაკვლას არ უმზიროსო! 

ფარდაგს იმიერ ერთი თხა მოაყვანინა მალვით. რა თხას ყელზე დანა დააჭირეს, დიდი დაიბღავლა. მეფეს შვილის ხმა ეგონა, გული დაეწვა, ესეთი დაიყვირა «ვაი შვილოო», რომ ძვალი შორს გასტყორცა. 

გამოიჭრა, ნახა, შვილი ცოცხალი იყო. აქიმს უთხრა: რა ესრე მიყაო? 

მან ეგრე მოახსენა: თუცა ეს ხრიკი არ მექმნა, შენ თხისათვის ეგეთს რა დაგაძახებდა, ძვალი გამოგლეჯილიყოო? 

მეფე იგი მორჩა.

წყარო: www.aura.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი