მტერობით განკურნებული (იგავ-არაკი)


მეზობელი ჩემი დასნეულდა. ყოველი მონაგები მკურნალზე წარაგო, და ვვრავინ რა ჰკურნა. 

ესმა: შირაზის ქალაქსა ერთი აქიმი არის, რა სნეულს ნახავს, სცნობსო, თუცა სასიცოცხლოა, წამლის ნუსხას მისცემს, ეს იწამლეო, და თუ იწამლა, უეჭველად მორჩებაო და, თუცა სასიკვდილოა, პირს მიიმრუდებს და არას ეტყვისო. 

რა ეს ამბავი ესმა, წავიდა სნეული იგი, ერთი მონა წაიტანა და მივიდა. რა მან აქიმმან ნახა, ფიცხლავ პირი მიიმრუდა და არა უთხრა რა. სნეული უღონო შეიქმნა, გამორიდა და მონასა თვისსა უთხრა: 

- შენვე იცი, რამდენი ვეცადე და ვეღარ მოვრჩი, მოკვდავი ვარ. წადი, მაწონი მიყიდე, გული მითქვამს: ვჭამ, მოვკვდე. 

ერთს წალკოტს შიგან გარდასვა, მიაწვინა. მოუტანა მაწონი და აჭამა. სრულად ვერ შეჭამა. გადანარჩომი მიაბარა. მიღმართ ხის ძირს დადგა. მონა ფხიზლობდა და სნეულს ეძინა. 

მოვიდა ერთი ასპიტი და მაწვნის ჯამში თავი ჩაკიდა, სრულად შენთქა. მან შიშით ვერა განაძო. ასპიტმან ისევ ამოანთხივა, ჯამშიგავ ჩაასხა და წავიდა. მონა იგი პატრონისა სნეულობით აბეზარ ქმნილიყო: თუცა ჭამოს, მოკვდეს და თავისუფალ ვიქმნაო! 

რა გაეღვიძა, მაწონი მოითხოვა. მოართვა. სრულ ასრე შეჭამა, ჭურჭელიც მოლოკა, დაწვა და დაიძინა. დაასხა ოფლმან და განიკურნა. გაიღვიძა, გამრთელებული ადგა, აღარა სჭირდა რა. უთხრა მონასა: წავიდეთ, აქიმი იგი გავკიცხოთ, სიკვდილი ჩემი ეგონა და უწამლოდ მოვრჩიო. 

რა აქიმთან შევიდნენ, აქიმმან დაასწრო, აგინა და ეგრე უთხრა: ვინ მოგცა? ასპიტის ნათხევი გიჭამია და მით მორჩომილხარო! 

მან კაცმან ეგრე უთხრა: რას მიჰქარავ, უმეცარი ხარ და ვერა სცანო! 

ამას ზედა შესცილდენ. მონა იგი წამოდგა კრთომით და ყოველივე უამბო. მერე მან აქიმმან ეგრე უთხრა: 

- მე მაშინვე ვსცან, შენ ასპიტის ნათხევი გაგკურნებდა, მაგრამ რა მექნა, ძმაო? შეპყრობა არ ძალმედვა და, თუცა კიდეც შემეპყრა, ვით ვანთხევინებდი? აწ ღმერთს შენთვის წყალობად მოუვლენია და მორჩომილხარ.

 

წყარო: ცhttps://www.aura.ge/103-sabavshvo/4973-sulxansaba-orbeliani--mterobit-gankurnebuli.html

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი