სოკოს მკურნალი (იგავ-არაკი)
ჩემმან მასპინძელმან, ქურთისტანის ბატონმან, მე წამიყვანა, დედა მისი თავად ხნიანი დიაცი იყო, და მერმე ასრე თქვეს: ოცი წელიწადია ასრე არისო და ვერა აქიმმან ვერ უწამლა რაო. მიველ, ვნახე, უსუსურად იყო, დამჭლობილ იყო, ღონე არა ჰქონდა; ხორცი დაეყარა, ფერი წასლოდა, საჭმელს ვერ ინელებდა, სლვისაგან დავრდომილიყო, სიტყვა დამძიმებოდა, მაგრამ ცნობა კიდევ კარგი ჰქონდა. გავსინჯე. დიდი ზრუნვა შემექნა. რა მრავალი გულისთქმა შევქმენ, მის სენის თავი შევიგენ. ღვიძლზედ სოკო დასხმოდა და მას გაეხადა. გამიჭირდა და დავღონდი. ვუთხარ: ამას ასეთი სენი სჭირს, რომ ხნიანიც არ იყოს, ძნელ მოსარჩენი არის, მაგრამ ჩემს ოსტატობას ვსცდი-მეთქი და მადლი ღმერთსა-მეთქი. მათაც ნება დამრთეს. აბანოს გარ სრულობით ნაბადი მოვაკარ და შიგან ფარდაგი დავკიდე, რომ ნიავი არ შემოსულიყო და ორთქლი დამდგარიყო. შევიყვანე, საძილო წამალი ვასვი, დავაწვინე. მუცელი გავუპე, შიგანი გამოვუშალე, საცა ღვიძლზე ან გვამში სოკო ესხა, ამოვთალე, წამლები დავსცხე, ზეთები დავასხი. შიგანი შიგავ შევუკრიფე, მის მის ადგილს დავაწყევ, მუცელი გავუკერე და მაგრად შევუკარ. რა გაეღვიძა, წამლით ხელი შევუწყევ. გავამთელე. მორჩა, გასუქდა, გაკეთდა. დიდად მიქებდენ ხელოვნებასა და მაქებდენ ყოველნი. რაც ხანი მუნ დავყავ, მალხინეს, განმასვენეს და კარგის ამბებით შემაქციეს.
წყარო: www.aura.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი