ინდოელი ჯამბაზი (იგავ-არაკი)


მიველ ინდოეთს და მრავალი უცხო რამე ვნახე: ანუ ხე, ანუ ხილი, ანუ პირუტყვი, ანუ მფრინველი, მაგრამ მისის მოხსენებისათვის სიტყვა გაგრძელდების და მეფეს თავი შეეწყინება. 

მრავალი უცხო მოთამაშე მოვიდა ხელმწიფესთანა და სამის კაცის თამაშობა დიდად მეუცხოვა და გამიკვირდა. 

ერთი კაცი მოვიდა და დადგა. ორმოცი მისი შეგირდი მოიყვანა. ერთი ავიდა. მას ოსტატსა ერთი ფეხი მარჯვენას მხარზე დაადგა, მეორე - მარცხენაზედა. დადგა მასზედა სხვა, აგრევე მას ზედ სხვა. ორმოცნივ ერთმანერთზე შედგნენ. არც ერთი არ ჩამოვარდა, არც გადრკა და არც ქვევითმან კაცმან მათი სიმძიმე შეიმჩნივა და აგრეთვე ხან სვლა იწყო კაცმან მან, ხან დაჯდის, ხან აღდგის. ბოლოს გაირბინა, შეხლტა და კაცნი გარდმოყარნა. არცერთი ზურგზე არ დაეცა, ყოველნივე ფერხზე დადგნენ. 

მოვიდა მეორე მოთამაშე. ხენი ფიცრულად დაეთალნეს და მის მფრინველის მსგავსად მხარნი და ფრთენი გაეწყვნეს. შეიხსნა იგი და იწყო ფრენა. ხან მთაზე გავიდის, ხან მინდვრად ჰაერში ფრინევდის, რომ ყოველს კაცს მფრინველი ეგონა. მისი ფრენა არწივს არ ძალუცს. 

მოვიდა მესამე მოთამაშე და ერთი კანაფის გორგალი მოიტანა. ერთი წვერი ხელთ დაიჭირა და გორგალი ჰაერში შეაგდო. წავიდა. გორგალი გაიშალა და ჰაერში ავიდა. რა სრულობით გაიშალა და ჰაერში აღარ გამოჩნდა, მან მოთამაშემ კანაფს დასწია, ვერ ჩამოიღო, კიდევ დაზივა. არ იქმნა. თქვა: გავალ ამ თოკზე, ჰაერში რამ დააბაო?! 

გავიდა თოკზე, იარა, ავიდა ჰაერში. მოთამაშე დაიფარა, აღარ გამოჩნდა. რა ცოტა ხანი გამოხდა, ერთი კივილი და კიჟინა შეიქმნა, თოფის სროლა და გრიალი, კაცი გაჩემდებოდა. ჰაერიდამ ზოგან კაცის თავი ჩამოვარდა და ზოგან მოკვეთილი ხელი და ფერხი და ზოგან გაკვეთილი კაცი. ვნახეთ, ეს ჩვენი მოთამაშეც შუა გაკვეთილი ჩამოვარდა. 

ეწყინა მეფესა და ყველას დაგვიმძიმდა. 

მოვიდა მის მოთამაშის ცოლი და ორი შვილით ცეცხლში შევიდა და დაიწვნენ. ნაცარი გაანიავეს, ვითა ინდოთა წესია. 

რა მცირედი ხანი გამოხდა, მოთამაშე ჰაერიდამ გამოჩნდა, თოკზე ჩამოეხვია. უთხრეს ეს საქმე: ცოლისა და შვილის დაწვა. მან თქვა: 

- მე არცარა ომი მინახავს, არცარა ყიჟინა მსმენია. 

მეფემან სამძიმარი უთხრა და სამეფო სამოსელი შეჰმოსა, სიასამურისა ტყავი წამოასხა. მივიდა, ხელმწიფეს თაყვანია სცა. ერთი კალთა გაიბერტყა, ცოლი ცოცხალი დააგდო; მეორე გაიბერტყა, შვილები დაყარა. გაუკვირდა ყოველსა კაცსა: ამისებრი მოთამაშე არავის უნახავსო. 

მრავალი უბოძა და გაისტუმრა.

წყარო: www.aura.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი