გრძნეული აქიმი (იგავ-არაკი)
ერთს აქიმს ერთი შეგირდი გაეწრთვნა. თურე ის აქიმიც მას საგრძნეულოში ყოფილიყო და მერმე იგი შეგირდიც შესულიყო და მას უფრო უცხოები ესწავლა. ორნივ ინდონი იყვნენ. შეგირდი მეფის ქალაქში მივიდა. ერთი ჭაბუკი ნახა, დიდად მოეწონა, კარგი და ახოვანი კაცი იყო, მაგრამ დია გაყვითლებულიყო, დამჭლობილიყო, წყალჯავარი მოჰშლოდა და ვარდი ზაფრანად შეჰქმნოდა. ჰკითხა აქიმის შეგირდმან: რა გჭირს, ძმაო, რა სენის უფალი ხარო? მე მოგარჩენო. მან კაცმან უთხრა: შენ არა და, ქვეყნის აქიმნი შეიყარნენ, მე ვერას მარგებენ; დამთმე, წადიო! მან აქიმის შეგირდმან ფიცი უთხრა: ესეთი არა გეჭირება რა, მე არ გიწამლოო. უთხრა მან კაცმან: შენ ამას რას მიწამლებო? დღესა ერთსა მეფის ასული აბანოდ მივიდოდა და სარკმლით დავინახე და მას ვეტრფიალე. მას ჩემი გული გაჰყვა და მან გამხადა. შენ რით მიშველი? შოვნა არ ძალგიც, და თხოვნა და ქორწილი, და მე უმისოდ არ მოვრჩებიო. აქიმმან უთხრა: შენ მეფიცე, ხვევნა-კოცნის კიდე არა დააკლო-რა, და მე მალე გიწამლებო. ეფიცა კაცი იგი და აქიმმან რაღაც ულოცა. ერთი ასეთი გრძნება ჰქმნა, რა დაღამდა, ქალი ზეწარში გახვეული შემოვიდა, მან კაცმან გვერდს დაისვა, ეხვია, უალერსა და, რა რიჟრაჟი შეიქმნა, ქალი აგრევ წავიდა. რა შინ მივიდა ქალი, ცნობას მოვიდა, შექმნა ტირილი, კივილი, მეფე-დედოფალი შემოვიდნენ, კითხვა დაუწყეს: რა დაგემთხვიაო? მან ყოველი უამბო. შექმნეს დიდი მოწყენა. ჰკითხა მეფემან ვაზირთა და მათ მოახსენეს: არა, მეფეო, ეგე კაცი ამა თემისა არ არის, სხვაგნით მოვინმევიდა. აწე ამას ღამესაც წაიყვანენ ასულსა შენსა, და ამცენ, რათა ხელი მელნით გაისვაროს და, რა მივიდეს, კართა ხელი ჰკრას, ზედ ხელი გამოისახვის. ხვალ მოვნახოთ. სადაც ხელი ჯდეს მელნიანი კართა, იგი იქმნება და შევიპყრათ, და რაც გენებოს, ჰქმენო. ჰყვეს ეგრე და მას ღამეს წავიდა ქალი და კარი მელნით შეუსვარა. დილა გათენდა. მან აქიმმან უთხრა მას ჭაბუკსა: შვილო, თუცა ჩვენი ესე საქმე ცნეს, ავია, და გარე გადი და ჩვენს მიდამოს ნიშანი არა იყოს რაო! გამოვიდა კაცი იგი, კართა ხელი ნახა. შევიდა და აქიმს უთხრა. აქიმმან ერთი რაღაც შეულოცა. მას ქალაქის სახლის კარზედა ხელი ყველგან გამოისახა. ვაზირმან მრავალი ხელარგნოსანი კაცი შეყარა ხელის საძებრად. წამოვიდა, ნახა თავისავე კარზე ხელი გამოსახული. გაუკვირდა და შეშინდა. მოვიდა მეფის კარზე, ნახა ხელი აგრევე და, რაც კარი გაიარა, ყველგან ხელი გამოსახული იყო. მოვიდა მეფესთან და მოახსენა: თქვენს ასულს ამაღამ ქალაქი სულ დაუვლიაო. შექმნეს რჩევა და თქვეს: ამას ღამესა ხელმანდილსა შიგან ფეტვი ჩაიყაროს, ძირი გაუხვრიტოს და მუნამდის ბნევით წაიღოს და ხვალ მივყვეთ და ვპოვებთო. ჰყვეს ეგრე. მეორეს დღეს გამოვიდა კაცი იგი, ნახა და აქიმს უთხრა: - ფეტვი მოუფანტავთ ჩვენს კარზე. ჰქმნა გრძნება. მოვიდა მრავალი ჭივჭავი და სრულობით აკენკეს. რა ვაზირთ ვეღარცარა მით შეიგნეს, ქალი ვაჟად მოკაზმეს. ოცი კაცი თან გაატანეს და ფოლორცთა სლვა დააწყებინეს და უთხრეს: სადაცა იგი კაცი ჰნახო, ხომ იცნობ და უთხარ კაცთა ამათ და შეიპყრანო. დაიწყეს სლვა და ნახეს ჭაბუკი იგი ბაზართა ჯდა. აქიმი მუნ არ იყო. შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს. მეფემან ბრძანა: - ეგე ძელსა დამოჰკიდეთ და ყოველი კაცი გამოვიდეს, ვინც ხმასა ჩემსა ერჩის. თოფი და ისარი დაუშინონ და ზედ ძელზე დაწყვიტონ! გამოვიდა ყოველი კაცი და აქიმიც მათთანა. რა აქიმმან მისი შვილი ძელზე დაკიდებული ნახა, ჰქმნა გრძნება და ვინც თოფი შესტყორცა და ან ისარი, უკუიქცის და მსროლელსავე ეცის და მოკვდის. ამოსწყდა მრავალი ჯარი. მოახსენა ვაზირმან მეფესა: - ამ კაცსა ჩვენ ვერას დავაკლებთ, სხვაფრივ ვიურვოთ, მცირეს ხანს საპყრობილეში დავაბათ და მერე, რომელიც სჯობდეს, ვყოთ. ბრძანა მეფემან კაცისა მის ჩამოშვება და პატიმრად შენახვა. მივიდა აქიმი. მესაპყრობილეს ერთი ფლური მისცა და უთხრა: ეგ კაცი ჩემი მოვალეა და კარი გამიღე, შევიდე, ვნახო, ვახში არ დამეკარგოს, და მერმე გამოვალო. შეუშვა აქიმი და გარეგან კარი დაკლიტა და საქმარზედ წავიდა. რა მოვიდა და კარი გააღო, ნახა საპატიმრო სახლი წალკოტი შექმნილა. თურე აქიმს გრძნება უქმნია. მრავალი კარგი ხილი დგას, უცხო ყვავილნი ყვავიან, სურნელება ფშვის, აუზნი წყლით სავსენი არიან და ორნი კაცნი მაღლა ოქროს ტახტზე მსხდომარენი არიან. ეგრევ კარი დახშა. მივიდა, ვაზირს უთხრა: ვაზირმან მეფეს მოახსენა: მათგან დასაჯერიაო, წავიდეთ, ვნახოთო! მივიდნენ მეფე და ვაზირი, შევიდენ, ნახეს. ქების უმეტესი იყო. ყოველივე ნახეს. აუზის პირს ერთი ატამი იდგა. მეფემ მოკრიფა და დაჯდა, ჭამა ენება. ვირემ მეფე ერთს ატამს გაფცქვნიდა, ვაზირმან პირზე წყალი შეისხა, დიაცად შეიცვალა, ვითომ კაცისა ვისმე ცოლი იყო და მოვიდა მისი ქმარი, აგინა და წაიყვანა. დიაცი დაორსულდა, ვაჟი ეყოლა, მან ყრმამან ფეხი აიდგა. დიაცს ისევ ვაზირის ბუნება ჰქონდა. წამოვიდა საპატიმროსა, ვაჟი თან მოჰყვა, ეგრევე კაცად შეიცვალა. მეფეს ჯერ ატამი არ გაეფცქვნა. ჰკითხა ვაზირმან: ეგ ატამი წლეულია თუ შარშანდელიო? მეფემან უთხრა: რას ამბობო? ახლა არ შემოვედითო? ვაზირი სიტყვას შეეცილა, თავისი დიაცობა და ყრმის შობა უამბო. გაკვირდენ და თქვეს: რადგან ვერას თავს გაუვედით, ესე ვქმნათო. მეფის ასული მას კაცს შევრთოთ და ვაზირისა აქიმსაო! ქორწილი უყვეს და ლხინობდეს. გამოხდა ხანი. ვაზირს თავისი აუგი არ დავიწყებოდა. თავისი ქალი ცოლად მისცა და ამცნო; რა აქიმი შენთან დაწვეს და წყალი გაათბოს საბანებლად, ვირე იბანდეს, მაცნობეო! რა წყალი გაათბო აქიმმან, ცოლმან დაუქცია და მამას აცნობა. მოვიდენ. აქიმმან გრძნება ვეღარ ქმნა და შეიპყრეს. მივიდა მეფესთან ვაზირი და ორისავ დახოცა არჩივეს. მეფემ ქალს ჰკითხა, მან არა ჰყო: რადგან ერთს ავს კაცს მიმეცი, მე აღარ ვიკადრებ ამის გამოცვლასო. ქალმან იგი არ მოაკვლევინა, და აქიმისა ზოგმან თქვა: მოკლესო და ზოგმან თქვა: არ მოუკლავთო. უდიდეს გრძნებას ამბობდენ. და მე ამათ სიკვდილი უფრო მეჯერება. ის გრძნებაები კაცისაგან არ იქმნება, და, რა კაცის სახელი გაითქმის, ბევრს მოუმატებენ, თვარა მოკლეს. მაგრა ვინც მოუკლაობას ამბობს ამას იტყვის: აღარ მოკლეს, გამოაძესო. და მოკვლა ტყუვილი იყო და გამოძება მართალი. რა ეს გრძნებაები შეიტყო ამ აქიმის ოსტატმან, გაწყრა იმ შეგირდზე და მოსაკლავად წავიდა, რომ უარესსა საქმეს იქმსო. რა მივიდა, უამბეს: შენი ოსტატი მოვიდა და სიკვდილს გიპირობსო. შეგირდი შეშინდა, ტრედად იქცა და გაფრინდა; ოსტატი შავარდნად იქცა და გამოუდგა. რა მოწევნას ლამობდა, ჩინეთის მეფე ნადირობდა, გვირგვინად იქცა შეგირდი და თავს დაერქვა. შეექმნათ სიხარული, რომე ზეცით გვირგვინი მოვიდაო. ოსტატი მეჭიანურედ შეიცვალა და მივიდა. მეფე სმად ჯდა, უცხო ხმები ჰკრა და ტკბილად იმღერა. ჰკითხეს: სადაური ხარო? მან უთხრა: საიდამაც გვირგვინი მოვიდა, მეც მუნებური ვარო. ეს უფრო გაიხარეს. მეფეს აფიცა მეჭიანურემ: რადგან ორივ ერთის ადგილიდამ მოვსულვართ, მაგ გვირგვინის თავს მაკოცნინეო! მეფემ რა კოცნა ბრძანა, გვირგვინი ბროწეულად იქცა და ჩამოვარდა. დაეცა, გასქდა და გაიბნია. ოსტატი მამლად იქცა და მარცვალს კენკა დაუწყო. გაშტერდენ ყოველნი კაცნი. იმ ბროწეულის ქერქიდამ კაცი გამოძვრა და მეფეს მუხლს მოეხვია: მიშველე რამე, ჩემი ოსტატია და მკლავსო! შეიქმნა კითხულობა. მამალიც კაცად შეიცვალა. მეფემ ყველა შეიტყო. მას აქიმს აღთქმა დაადებინეს, რომ კვლა გრძნება აღარა ქმნაო, მაგრამ მე სიკვდილი უფრო მემართლება, რომ ამგვარი გრძნება არ იქნებაო. რა ლეონ გრძნეულთ ამბავი დაასრულა, სხვის ამბის თქმა აღარ დააცალა რუქამ და მოახსენა მეფესა: - დღეს აქამომდე ავად მიქმნია ქიშპობა ლეონისა, რადგან ესრეთ მცოდინარეა და ამდენის კარგის საქმის სწავლულია და ამდენის თემის მნახავი, ეს შესანახავია და ნურც მოიშორებთ. რაცა თქვა, ქმნაც ძალუცს. აქ გამოაჩინა ლეონ თავისი გრძნების ხელოვნება.
წყარო: www.aura.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი